„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თემურ მჭედლიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
თუ თვალს გადავავლებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და არსებულ პოლიტიკურ ფონს, მარტივად მივხვდებით, რომ უპირობოდ აუცილებელია რეალური მესამე ძალის არსებობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან გავრცელებული იქნა განცხადება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ. შესაბამისად ვგულისხმობთ იმას, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენი გუნდი, მესამე ძალად ჩამოყალიბების პოტენციალს ვხედავთ, იმ ორ პოლიტიკურ პარტიაში, რომლებიც დავასახელეთ ერთგვარ პოლიტიკურ ალტერნატივად. ეს პოლიტიკური პარტიებია: „საქართველოსთვის“ და „სახალხო პარტია“. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პოლიტიკური სუბიექტები, სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. სატელიტ პარტიებს. ასევე, თუ დავაკვირდებით საზოგადოების პოზიციას თვალნათვლივ დავინახავთ, რომ ამ სუბიექტების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითადაა განწყობილი, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ ეს პარტიები რადიკალურად განსხვავდებიან ნულოვანი რეიტინგის მქონე „ერთ კაციანი“ პარტიებისგან. ხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით, თუ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას და ჯანსაღ საზოგადოებას გვსურს პროგრესი, გვსურს ქვეყნის რეალური წინსვლა და განვითარება, უნდა გავითავისოთ, რომ არჩევანი გავაკეთოთ არა თუ ცუდსა და უარესს შორის, არამედ მხარი დავუჭიროთ ალტერნატიულ ძალებს, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს „ნაც-ქოცების“ მხრიდან ერთმანეთის მიმართ „ცხრა წლიანი“ მმართველობის პერიოდში არსებულ მანკიერებებზე საუბარს. წინამორბედის მიმართ ნეგატიური შეფასებების გამოთქმის ნაცვლად ჯანსაღი მთავრობა უნდა ფიქრობდეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე.
საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“, ვინაიდან უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ხსენებულ პარტიებს, რომლებიც პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან ვიდრე საწინააღმდეგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ზრდის შესაძლებლობას სამომავლოდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
ვგულისხმობ, რომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ის რისკები, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ დღეიდან უნდა დავიწყოთ რეალური ძლიერი მესამე ძალის ფორმირების ხელშეწყობა და გავაკეთოთ სწორი არჩევანი.