გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ასეთი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი ნამდვილად შემოვა – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ცნობისათვის, გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე, ბელგიასა და ნიდერნალდებში ძლიერმა სტიქიამ ქალაქები და სოფლები დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ათასობით ავტომობილი. ამის გამო სლოვაკეთის საავტომობილო ბაზარის მოთამაშეები უკვე შეშფოთებული არიან და არ გამორიცხავენ, რომ გერმანიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან დილერებმა შესაძლოა, წყალდიდობისგან დაზიანებული მანქანები შეიტანონ გასაყიდად. ამ ქვეყნებიდან სლოვაკეთში ყოველწლიურად ათიათასობით მანქანა შედის. ინფორმაციას გამოცემა Euractiv ავრცელებს.

„დატბორვის შემდეგ, მანქანაში ყველა ელექტრომოწყობილობა უნდა შეიცვალოს, რაც ასობიდან ათასობით ევრომდე ხარჯს მოითხოვს, ამიტომ დატბორილი მანქანები ადგილზე პრაქტიკულად არ იყიდება და მათი ექსპორტი შესაძლოა, ჩეხეთში ან სლოვაკეთში მოხდეს“, – ამბობენ სლოვაკი ავტოდილერები Euractiv-თან საუბარში.

საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი თვლის, რომ იგივე საფრთხე ქართულ ბაზარზეც არსებობს, თუმცა შემოდინება ვერ იქნება დიდი მასშტაბის და ამ ნაწილში ავტო- იმპორტიორების პროფესიონალიზმის იმედად უნდა ვიყოთ.

,,რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, თუმცა დიდი რაოდენობით შემოდინების მოლოდინი ასოციაციაში არ გვაქვს. მიზეზი არის ის, რომ მსუბუქი ავტომობილები ძირითადად, მაინც აშშ-დან და კანადიდან შემოდის. რაც შეეხება ნიდერლანდებსა და გერმანიას, იქედან ძირითადად სატვირთო ავტომობილების იმპორტი ხდება. ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, რამდენი ასეთი ავტომობილი შემოვა, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი იყოს წყალდიდობის შედეგად დაზიანებულიც. ასოციაცია, იმედს იტოვებს ავტო-იმპორტიორების პროფესიონალიზმში.

სხვა ბერკეტი, რეალურად არც ჩვენ და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ, გააკონტროლონ ავტომობილი არის თუ ასე დაზიანებული. ამიტომ, ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ – განუცხადა დარბაისელმა ,, ბიზნესპრსნიუსს“.

ცნობისთვის, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში დაახლოებით 10%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ შემოვიდა 46 261 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (371,403 მლნ დოლარის ღირებულების) აქედან:

  • გერმანიიდან – 3 528 ერთეული (33,667 მლნ დოლარი);
  • ბელგიიდან -602 ერთეული (2,271 მლნ დოლარი);
  • ნიდერლანდებიდან – 420 ერთეული (1,452 მლნ დოლარი)

guria.tv

მსგავსი სიახლეები