კომპრომატების ომი “ოცნებაში”? – რას შეეწირა მოსმენების სამსახურის შეფი

 

არის თუ არა, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის დაკავების რეალური საფუძველი კორუფცია? ახობაძეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის “ქართული ოცნების” კონტროლი ევალებოდა, 15 წლით პატიმრობა ემუქრება. ხმაურიანი დაკავების შემდეგ, ოპოზიციაში გაჩნდა ვარაუდი, რომ “დიდი ინფორმაციის მატარებელი კაცის” თავისუფლად ყოფნა მმართველ გუნდში საფრთხედ ჩათვალეს.

რას ამბობს სუსი?

  • ლევან ახობაძის დაკავების ოფიციალურ მიზეზად, 2024 წელს, საკუთარ კაბინეტში ქრთამის აღება დასახელდა. ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, კერძოდ – 250 000 ლარის.
  • კორუფციაში დადანაშაულებული ყოფილი ძალოვანის ადვოკატს, რაჟდენ კუპრაშვილს, რომელსაც თანამდებობის პირების კეთილსინდისიერება, ანტიკორუფციული ბიუროს შეფის პოზიციიდან უნდა ეკონტროლებინა, ახლა ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. შესაბამისად ვერ გავიგებთ, ვინ არის და რას ამბობს მოწმე, რომელმაც სუს-ის მტკიცებით, მათივე უწყების ერთ-ერთ შეფს, სამუშაო კაბინეტში მილიონის მეოთხედი შეუტანა.

რა ვიცით ლევან ახობაძეზე:

  • ლევან ახობაძეს სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ლილუაშვილის მმართველობის წლებში, მოსმენების სამსახური, პოლიტიკური პარტიები და როგორც ოპოზიცია ამბობს, “ქართული ოცნების” წევრების კონტროლიც ჰქონდა ჩაბარებული. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ახობაძე იყო კაცი, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლებამ, პოლიტიკოსების, არჩევნებისა და ქუჩის ე.წ. ტიტუშკების კონტროლი ანუ პოლიტიკური ჟანდარმერია ჩააბარა. “ოცნების” ოპონენტების მტკიცებით, ახობაძე უსმენდა, უთვალთვალებდა და კომპრომატებს აგროვებდა ყველაზე, ვინც ივანიშვილის გუნდში იყო და მათაც, ვინც ამ გუნდს უპირისპირდებოდა.
  • ნიკა გვარამიამ სუს-ის ფაილების პირველი ნაკადი, პირდაპირ ეთერში, გადაცემის წამყვანის რანგში, 2021 წელს გაასაჯაროვა. მაშინ მან პირველად ახსენა ლევან ახობაძე, როგორც მიყურადებების ავტორი და გამავრცელებელი. ახობაძის სახელს უკავშირდება, ეკლესიის მაღალი იერარქების თვალთვალიც. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ლილუაშვილის მოადგილის თავისუფლება არა ქრთამს, არამედ იმ ფაილებს შეეწირა, რომლებიც სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ჰქონდა შეგროვილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვის, როდის და რა თემაზე ელაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილი, ეს ყველაზე კარგად, სწორედ ლევან ახობაძემ იცის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ არა მხოლოდ იცის, დაკავებულს აქვს მასალები, რომლებსაც “ოცნების” ამოტრიალება რამდენიმე საათში შეუძლია. “კოლიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ამბობს, რომ დაკავებამდე ახობაძემ ფაილები საზღვარგარეთ გაიტანა.
  • ნიკა გვარამია “შაბათის ეთერს” უყვება იმასაც, რომ მისი პატიმრობის დროს ციხეში, მასთან დასაკითხად პროკურატურის გამომძიებელები შევიდნენ. გვარამიას კითხვები დაუსვეს მათ შორის 2021 წელს მის მიერ გასაჯაროვებულ, “ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების შედეგად შედგენილ ოპერატიულ ცნობებზეც. გვარამიამ 5 წლის წინ პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტის მოსმენების შედეგად დაწერილი ოპერატიული ცნობები წაიკითხა. ხუთი წლის შემდეგ კი, რაც ლილუაშვილი და სავარაუდოდ ახობაძეც, უკვე დასაჭერად იყვნენ განწირული, გვარამიას ეკითხებოდნენ, როგორ აღმოჩნდა მასთან საიდუმლო საბუთები.

“შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა ახობაძის გვარი მღვდლებისა და მონაზვნების მოსმენების ფაილებშიც. სუს-ის ერთ-ერთი მომსმენი, თემურ არეშიძე, რომელსაც სასულიერო პირების თვალთვალი ჰქონდა დავალებული, შიდა მიმოწეროაში ახობაძეს მათ უშუალოდ ხელმძღვანელად მოიხსენიებს.

დატოვა თუ რა ქვეყანა, ლევან ახობაძემ მას შემდეგ რაც პოსტიდან მოხსნეს, ხოლო მისი უშუალო უფროსი და მეგობარი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს?! – დაკავებულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარს ამბობენ.

კიდევ ერთ ვერსია, რომელიც ლევან ახობაძის დაკავების სავარაუდო მიზეზად განიხილება, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილთან მიდის. კონფინდენციალური წყარო “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გარემოცვიდან ამბობს, რომ გენერალ-მაიორის დაკავება, მილიონების ამოღების დიდი სპეცოპერაციის ნაწილია – ლილუაშვილი დაკისრებულ თანხას არ იხდის და მასზე ზეწოლის მოსახდენად, ე.წ. ვანური კლანის კიდევ ერთი წევრი, ციხეში ამიტომ ჩაუსვეს. ამ კლანის კიდევ ერთი წევრი, სუსის ასევე ყოფილი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ერთადერთია, ვინც თავისუფლებაზე დარჩა და ვის დაკავებასაც ახობაძის შემდეგ ვარაუდობენ.

ეჭვები სხვაზე გადაფორმებული ქონების შესახებ

გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის რეალურ საცხოვრებელ სახლს მედია, წლების განმავლობაში ვერ აგნებდა. გადამალული უძრავი ქონების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექს მაღალჩინოსანს ბრალი, კაბინეტში დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო წაუყენეს.

  • 3 სართულიანი თეთრი სასახლე, შემინული აივნებით, დიდი ტერასითა და აუზით, 22 მაისამდე, ერთი ჩვეულებრივი მდიდრული სახლი იყო – ვიდრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქ ჩხრეკა არ ჩაატარა და რენე შმერლინგის 13 ნომრიდან, ბორკილებდადებული გენერალ-მაიორი არ გამოიყვანეს.
  • სახლი აუზით, ქონების რეესტრის თანახმად, დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლისძმაზეა გაფორმებული.
  • “ტესლას” მარკის ავტომობილი, რომლითაც სუსის დაკავებული მაღალჩინოსნის, ვაჟი დათა ახობაძე სარგებლობს, ბაბუის, ვალერიანე კაჭარავას სახელზეა გაფორმებული.
  • შაბათის გუნდმა აღმოაჩნა, რომ ამ სახლის გარდა, სადაც ექსმაღალჩინოსანი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არსებობს კიდევ ერთ მშენებარე რეზიდენცია ლისზე, გაცილებით დიდი მასშტაბის. ეს სახლიც ლევან ახობაძის ცოლის ძმის ვახტანგ კაჭარავას სახელზეა გაფორმებული.

რას შეეწირა სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მოადგილე? – მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები