საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ევროკავშირისგან კანდიდატობის სტატუსის მისაღებად დაყენებული პირობების 2022 წლის ბოლომდე შესასრულებლად შეიქმნება ჯგუფი რეფორმებისთვის, რომელსაც სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია ჩაუდგება.
„შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იქნება მიძღვნილი სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებულად 2022 წლის ბოლომდე. მგონია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში, ეს იქნება ძალიან მაგარი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის.
მე რომ ვიყო მართველ გუნდსა და მთავრობაში, დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, და თუ ასეთი რამე შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი გზა, რადგან გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო ფესტივალზე.
დღეს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, პირობებით, რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.