ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, “ფაიზერის” მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
კვლევის თანახმად, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციასა და მძიმე დაავადების განვითარებას, აღნიშნული კატეგორიის პირები ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ 5-6-ჯერ უფრო დაცულები აღმოჩნდნენ.
ცნობისთვის, ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. გასულ კვირას კი ასაკობრივმა ზღვარმა 40 წლამდე დაიწია.