საქართველოს განათლების სამინისტრომ, პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შეიტანა.
სამინისტროს განცხადებით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს.
მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.
სამინისტრო უშვებს გამონაკლისებსაც უსტატუსო მასწავლებლებისთვის. კერძოდ:
„იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები“, – წერს სამინისტრო.
განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ბოლო ორი თვის განმავლობაში კონსულტაციები გაიარეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან, რის შედეგადაც განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები.
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 65 პრაქტიკოსი (უსტატუსო) მასწავლებელია. აქედან უმეტესობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგია.
„ეს გამოცდები ტარდება ათ წელზე მეტია. ამ ხნის განმავლობაში რომ მასწავლებელი 1 კრედიტზე ვერ ჩააბარებს მისი საგნის გამოცდას, ცოტა უხერხულია.
ჩვენ ხომ გვინდა ხარისხიანი განათლება? ზოგიერთ შემთხვევაში ეს უცოდინრობაა, მეორე შემთხვევაში კი, უპასუხისმგებლობა, რადგან ზოგიერთს შეეძლო გამოცდის ჩაბარება, რომ გასულიყო გამოცდაზე. ჩვენ არც უპასუხისმგებლო მასწავლებელი გვჭირდება სკოლებში და არც უცოდინარი,“- ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე.
მისი თქმით, ქალაქის სკოლებში დასაქმებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს თითქმის აღარ აქვთ შანსი სამსახური შეინარჩუნონ. თუმცა სოფლებში, სადაც კადრების პრობლემაა, შესაძლოა დირექტორებმა მაინც გაუგრძელონ მათ ხელშეკრულება, თუკი სხვა კადრებს ვერ აიყვანენ ვაკანსიაზე.
გოჩა დავითაძის თქმით, ქალაქის სკოლებში ყველაზე მეტად სპორტის მასწავლებლების მოძიება ჭირს. „სექტემბერში სწავლა როცა დავიწყეთ, სპორტში გვქონდა ვაკანსიები და ვერ ავიყვანეთ სტატუსიანი მასწავლებლები, არ იყვნენ. მაგრამ ვისაც ჰქონდა ფიზკულტურული დამთავრებული, ასეთები ავიყვანეთ სასწავლო წლის ბოლომდე და ამ ადგილებზე ალბათ ზაფხულში გამოაცხადებენ ვაკანსიებს სკოლები,“-ამბობს გოჩა დავითაძე.