2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური აქტია და ჟურნალისტის გარდაცვალებით სპეკულირებს ნაციონალური მოძრაობა.მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობისა და გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.
“რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი დ მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდ აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედია გარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული”, – თქვა ღარიბაშვილმა.
http://primenewsgeorgia.ge/