ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა 21 იანვრიდან იქნება დასჯადი

საქართველოს კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს, 2022 წლის 21 იანვრიდან შევა ძალაში.

ამავე კანონით, ფიზიკური პირი დაისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვისაც, რომელ სახელმწიფოსთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 2022 წლის 6 იანვარს გამოქვეყნდა. კანონში აღნიშნულია, რომ ის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება.

ცვლილების მიხედვით, კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 174​​​18 მუხლი:

„მუხლი 174​18. ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა

1. საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.

აღნიშნული ცვლილება კოდექსში 2021 წლის 30 დეკემბერს შევიდა. საკანონმდებლო პაკეტს მხარი მაშინ 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები