ევროკომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს.

„ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი 12 ივლისს დაამტკიცა.

მოსამართლებოს კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, სადაც აღნიშნულია, რომ პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პროცესში.

GHN

მსგავსი სიახლეები