ანაკლია მოვინახულე, გული მეტკინა, რადგან საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. ამის შესახებ ელჩმა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის” (EPRC) კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, Pace-ის ფოთის ტერმინალის გახსნაზე დასწრების შემდეგ, ანაკლია მოინახულა, სადაც არსებული სიცარიელე საქართველოს ეკონომიკისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

“ახლახანს დავესწარი ფოთის პორტში “პეისის” ტერმინალის გახსნას. პროექტის მესვეურები გეგმავენ მის კიდევ უფრო განვითარებას, რადგან ფოთი არის მიმზიდველი ლოკაცია.

ფოთის შემდეგ ანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი, რათა პორტისთვის დაგეგმილი ტერიტორია მენახა და გული მეტკინა. პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონი ხდება უფრო ღია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა რეგიონისთვის შექმნა შესაძლებლობა ერთობლივი მუშაობის და ამაში საქართველოს ანაკლიის სახით ახალი პოტენციალის შეთავაზება შეეძლო. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ანაკლია მართლაც შეემატება ფოთისა და ბათუმის პორტებს.

ახლა საქართველოს გეგმები აქვს მხოლოდ ქაღალდზე, თუმცა ჩემი აზრით, თუკი ინვესტორები შემოვლენ მათ უნდა დაინახონ, რომ ხელისუფლება 100%-ით უჭერს მხარს ამ პროექტს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პორტის გახსნაზე განაცხადა, საქართველოს აქვს ხედვა, რომ ქვეყანა გარდაიქმნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალ სატრანსპორტო ჰაბად, რომ ტვირთები ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით სწორედ საქართველოზე გადიოდნენ, მაგრამ ამის მისაღწევად სიტყვებზე ბევრად მეტია აუცილებელი, საჭიროა სტრატეგიული გეგმის ქონა და ინვესტორთა დარწმუნება ამაში.

მე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ანაკლია გაეხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებში, შედეგად საქართველო ჩამორჩება იმ მრუდს, რომელსაც უნდა მიუყვებოდეს რეგიონალური სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოყვა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის 35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.

bm.ge

მსგავსი სიახლეები