როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას? – Pfizer-ის პასუხი

ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი “ბიზნეს ფორმულას” უდასტურებს, რომ Pfizer/BioNTech-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება შედგა და ვაქცინების მოწოდება მე-3 კვარტალში დაიწყება.

“Pfizer/BioNTech-სა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეულია შეთანხმება Covid-19-ის mRNA ვაქცინის (BT162b2) მისაღებად. დოზების მოწოდება მოხდება 2021 წლის განმავლობაში ხელშეკრულების  პირობების მიხედვით და პირველი პარტიის მოწოდება დაიწყება 2021 წლის მე-3 კვარტალში”,- ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ “ბიზნეს ფორმულასთვის” გამოგზავნილ წერილში.

კომპანია ხელშეკრულების დეტალებს, მათ შორის, პირველი პარტიის მიღების ზუსტ დროს, დოზების ოდენობას ან მათ ფასს კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, არ ასაჯაროებს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 28 ივნისს თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ Pfizer-ის შემოსვლის თარიღი დადასტურებულად იცის, თუმცა, კონტრაქტიდან გამომდინარე, ვერ ასახელებს.

მაისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლის სავარაუდო პერიოდად ივნის-ივლისი დაასახელა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, Pfizer-ით ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში ჩატარდება.

Pfizer-მა “ბიზნეს ფორმულას” მაისში დაუდასტურა, რომ საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებდა.

businessformula.ge

მსგავსი სიახლეები