გიორგი ყუფარაძე – “Trump Tower” ვინ იგებს ამ პროექტით და რას იღებს რიგითი მოქალაქე?

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე :

Trump Tower-ის თბილისში აშენების პრეზენტაციას ხელისუფლება უკვე ისე გვაჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ისტორიული ეკონომიკური გარღვევა იწყება.

მაგრამ ერთი მარტივი კითხვა მაინც უნდა დავსვათ: კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამ პროექტიდან რიგითი თბილისელი?

თუ ეს მართლაც დიდი ეკონომიკური ინვესტიციაა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი — რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენი უცხოური კაპიტალი შემოვა რეალურად საქართველოში, რა ნაწილი მოხმარდება ადგილობრივ ეკონომიკას და საბოლოოდ რა დარჩება რიგითი მოქალაქისთვის?

იმიტომ, რომ ცათამბჯენის აშენება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა გამდიდრდება.

პირიქით — კიდევ ერთი გიგანტური სამშენებლო პროექტი თბილისში ნიშნავს დამატებით საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს, დამატებით მანქანებს, დამატებით სატრანსპორტო დატვირთვას და კიდევ უფრო დიდ წნეხს ქალაქზე, რომელიც ისედაც საცობებსა და გადატვირთულ ინფრასტრუქტურას ვეღარ აუდის.

და ყველაზე საინტერესო მაინც საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხია.

რამდენი რიგითი ქართველი შეძლებს იქ ბინის ყიდვას?

20 კვადრატული მეტრის ბინაც კი ბევრისთვის ფუფუნებაა, ხოლო ასეთი პრემიუმ პროექტები, ბუნებრივია, ძირითადად იმ ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა აქვს.

ამიტომ საზოგადოებას უფლება აქვს იკითხოს: ეს პროექტი ქალაქის განვითარებისთვის კეთდება თუ ძირითადად უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ ერთი ძვირადღირებული სივრცის შესაქმნელად?

და კიდევ ერთი საკითხი — ხელისუფლების მხრიდან ამ პროექტის გარშემო ატეხილი პიარი.

პრეზენტაციაზე ტაში, დრონების შოუ, ფეიერვერკი და გრანდიოზული განცხადებები კარგ სანახაობას ქმნის, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ცათამბჯენის სიმაღლით არ იზომება.

საინტერესო იქნება, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს პროექტი რეალურად განხორციელდება, შევხედოთ ციფრებს და ვნახოთ: რამდენი შემოვიდა ქვეყანაში, რამდენი შეიქმნა, რამდენი დასაქმდა და საბოლოოდ ვის დარჩა ამ ყველაფრის ეკონომიკური სარგებელი.

და ბოლოს, ერთი რამ ნამდვილად ღირს გასახსენებლად: როცა წარსულში საქართველოში Trump Tower-ის სხვა პროექტზე საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა თავისი შეფასებები ასეთი ტიპის პროექტებთან დაკავშირებით.

ამიტომ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ დღევანდელი საზეიმო პრეზენტაციის მოსმენა, არამედ საკუთარი ლიდერის ძველი განცხადებების გახსენებაც.

ცათამბჯენის აშენება შეიძლება იყოს ბიზნესპროექტი. მაგრამ მისი ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებად გამოცხადება უკვე სხვა საკითხია.

საზოგადოებას კი უფლება აქვს იკითხოს — ვინ იგებს ამ პროექტით და რას იღებს რიგითი მოქალაქე?

მსგავსი სიახლეები