ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა

სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია „პუბლიკას“ სუსში დაუდასტურეს.
„ევრაზიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე სხვა პრორუსულმა ჯგუფმა 25 მაისს საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს.
გულბაათ რცხილაძეს „ობიექტივზე“ გადაცემა „მსოფლიო პოლიტიკა და საქართველოც“ აქვს. მის სახელზე წლების განმავლობაში რეგისტრირებულია რამდენიმე ორგანიზაცია: „საქართველოს უკვდავი ჯარი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“, „კავკასიური თანამშრომლობა“. რცხილაძე ედგა სათავეში 9 მაისს „უკვდავი ჯარის“ მსვლელობებს. ეს მარში 2007 წლიდან რუსული იდეოლოგიის გასავრცელებელი პოლიტიკური იარაღია.
გასულ წელს „აი ფაქტმა“ მოიკვლია, რომ ის რუსული „პრავფონდიდან“ ფინანსდება. მედიაგამოცემის მიხედვით, ეს ინფორმაცია „პრავფონდიდან“ გამოჟონილ მასალებში აღმოაჩინეს.

სუსის განცხადება

სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა.
სუსში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
💬 „დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით.
ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.
გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას“, – განაცხადეს სუსში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები