ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა თბილისში ვიზიტი პარლამენტში შეხვედრებით დაიწყო. ჯერ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ ოპოზიციას და უმრავლესობას. რიკ დემსმა მოგვიანებით მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა.

გთავაზობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებებს.

მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს.

საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ეს ყველა წევრ ქვეყანაშია. შესაძლოა, არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ეს არის დემოკრატია.

მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ.

აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ელემენტები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

5 ივლისის მოვლენებზე

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას, ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს გაკონტროლებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება.

მე მჯერა, რომ თუ გინდა დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან.

იმედი მაქვს, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა იყო მიზეზი. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს. ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ პოლარიზაცია არავის ეხმარება.

მჯერა, პრესას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ სცადოს ამის განმუხტვა და სცადოს პოლარიზაციის დამშვიდება. ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან პრესამ უნდა გადასცეს ამბავი და როდესაც ცუდი რამ ხდება, ეს უნდა გაშუქდეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით, დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობაში დახმარება საკითხის გადაწყვეტის ნაწილი იქნება. მეორე მხრივ, მჯერა, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის ჟურნალისტები, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ.

მე აქ არ ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო, მე არ ვარ თქვენი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მაგრამ მაქვს უფლებამოსილება ვთქვა, რომ როდესაც ეს ხდება საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს სრულად გამოკვლეული და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.

„ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ეროვნული რეფერენდუმის მსგავსია“

ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გაწვდიან და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, ან არ გაითვალისწინონ მთავრობაში ან პარლამენტში. ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია პარლამენტისთვის და ასევე ჩვენთვისაც ასამბლეაში.

საქართველოს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია, საარჩევნო რეფორმა ჩვენს დღის წესრიგშია. ამ საკითხებს, მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში დავაკვირდებით, ძირითადად სექტემბეტრში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. გარკვეულწილად, ნოვატორულია.. რაღაც ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ.

აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება:

პირველი მაგალითი, რომელიც ყველა თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია, არის საქართველოს რეგიონული პოზიცია აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ავიღებთ ინიციატივას, როცა დელეგაცია დაკომპლექტდება, რომ საპარლამენტო დელეგაციები შეიკრიბონ საპარლამენტო დიპლომატიის კონტექსტში. აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ უმრავლესობას შეხვდა

 

წყარო: europetime

მსგავსი სიახლეები