რა უფლებით ბლოკავს პრემიერი ჟურნალისტებს ფეისბუქგვერდზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, „აქვს კი ამის უფლება პრემიერს, რომ დაბლოკოს მისთვის არასასურველი ჟურნალისტები ოფიციალური გვერდიდან?“ – კითხულობს ჟურნალისტი თელარა გელანტია. მან 11 ივლისს, როცა აქციაზე სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, პოსტი დადო: „როცა გაიღვიძებთ, ესეც ნახეთ, ბატონო პრემიერო“. ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონიშვნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
თელარა გელანტია არაა ერთადერთი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაბლოკეს. მაგალითად, დაბლოკეს ჟურნალისტები ანნა გვარიშვილი და სოფო მთივლიშვილიც.
„ვცადე იმავე დღეს შევსულიყავი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე, მაგრამ მიჩვენა, რომ უკვე დაბლოკილი ვარ. აღარ იძებნება ეს გვერდი ჩემთვის,“ – გვიყვება თელარა გელანტია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების ფეისბუქგვერდებზე საბიუჯეტო რესურსი იხარჯება და ლოგიკურად ხალხისგან დაქირავებულ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ვინმეს დაბლოკვის უფლება, თუკი ის სიძულვილის ენას არ იყენებს.
„ღარიბაშვილის მონიშვნა პერიოდულად მას შემდეგ დავიწყე, როცა „სინოფარმი“ შემოიტანეს საქართველოში… არასდროს ვიყენებდი სიძულვილის ენას, არ ვილანძღებოდი, არ ვიგინებოდი. თუ მქონდა სარკაზმი, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. დღეს მეილზე უფრო სწრაფად ინფორმაცია ხშირად ამ ოფიციალური ინტერნეტგვერდებიდან ვრცელდება, რაც დისკომფორტს მიქმნის, როგორც ჟურნალისტს. ჩავთვალე, რომ ეს უნდა გავაპროტესტოთ, რადგან ეს ხომ არ არის ღარიბაშვილის პირადი გვერდი? ამ გვერდს დიდი ალბათობით ჰყავს ადმინისტრაცია, თანამშრომლები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, ბიუჯეტის ფული იხარჯება ამაში,“ – ამბობს თელარა გელანტია.
თელარა გელანტია არ გამორიცხავს პრემიერს სასამართლოში უჩივლოს, ის ახლა სამართლებრივ მექანიზმებს აზუსტებს, რომ პრემიერმა და სხვა თანამდებობის პირებმა დაბლოკვა ვეღარ გაბედონ.
ამ ჟურნალისტმა 11 ივლისს მორიგ პოსტზე მონიშნა მთავრობის სტრატკომიც: „ყველა კრიტიკულ კომენტარს რომ ბლოკავთ პრემიერის გვერდზე, გყოფნით სტაფი?! თუ 24/7-ზე ამუშავებთ და მერე პრემიასაც მისცემთ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებიდან?“
სტრატკომი სხვადასხვა უწყებაში შექმნილი სამსახურებია, რომლებმაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა იმუშაონ, თუმცა ეს სამსახურები რეალურად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ და ამის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან აწუხებთ სტრატკომში ჩემი პოსტები, სადაც ვნიშნავ, მაგრამ ჯერ ვერ მბლოკავენ,“ – დასძინა თელარა გელანტიამ.
რატომ ბლოკავენ ადამიანებს პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე – კითხვით პრემიერის პრესცენტრს მივმართეთ.
პასუხი ვერ მივიღეთ.
რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა თანამდებობის პირი ჟურნალისტს, ან სხვა ნებისმიერ პირს ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან დაბლოკვას ბედავს? – საიას იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ სასამართლო დავაა.
„საჯარო მოხელის გვერდი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს მისი პირადი გვერდი არ არის, მით უმეტეს, როგორც ვიცი, გარკვეულ პოსტებს ასპონსორებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს პოსტები არის საჯარო ინფორმაცია. ადამიანის დაბლოკვა კი ნიშნავს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია აღარაა ხელმისაწვდომი. თუკი მოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს საჯარო მოხელეს, მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, ხოლო თუ ეს თმენის ვალდებულებას სცდება, მაშინ უნდა მიიღოს სამართლებრივი ზომები,“- განმარტა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.
მსგავს საკითხზე სასამართლო დავა 2019 წელს შედგა, მაშინ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი თამაზ ახობაძე დავობდა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, ხოლო მისმა მეგობარმა გიორგი ნონიაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კომენტარი დადო. სამინისტრომ ნონიაშვილის კომენტარი წაშალა და მისი ავტორიც დაბლოკა.
გიორგი ნონიაშვილმა, რომელიც პროფესიით იურისტია, იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქკომენტარის წაშლის გამო უჩივლა. ეს პირველი სასამართლო დავა იყო ფეისბუქკომენტარის წაშლის და ადამიანის დაბლოკვის გამო. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.
გიორგი ნონიაშვილი იხსენებს, რომ სარჩელმა თავდაპირველად გაურკვევლობა გამოიწვია და თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ადმინისტრაციული დავა კი არა, კერძო დავა იყო.
„უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველი და არა კერძო დავა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე თქვა, რომ პოტენციურად საქმე გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან,“ – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა „ბათუმელებთან“.
ამ შემთხვევაში სასამართლო დავა შეწყდა, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ გიორგი ნონიაშვილს ფეისბუქზე ბლოკი მოხსნა.