დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა “სინოფარმზე” რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.
კონკრეტულად რამ გამოიწვია რეგისტრაციის შეფერხება ჯერჯერობით უცნობია. საიტზე მითითებულია, რომ ტექნიკური განახლება მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაციის შეფერხებასთან დაკავშირებით, ცენტრი განცხადებას გაავრცელებს. მისივე თქმით, მოგვიანებით ასევე გაავრცელებენ ინფორმაციას იმ მიზეზებზე, რის გამოც კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.