მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში — დეგნანის პასუხი კობახიძეს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციური სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

“რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნას და გამოცდილებას კონსტიტუციურ სამართალში, ისევე, როგორც ბევრი სხვა კონსტიტუციური ექსპერტისას, ვისაც შევხვედრივარ საქართველოში. ამ ქვეყანას გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი, კარგად ინფორმირებული და განათლებული კონსტიტუციური კანონმდებლობის სპეციალისტი. მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, მათ შორის, დავხმარებივარ სხვადასხვა ქვეყანას კონსტიტუციის შექმნის პროცესში; გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი და ა.შ. შედარება, რა მუშაობს კარგად ერთ სისტემაში და რა — მეორეში, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის. საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს დებატებს და განხილვებს კითხვაზე, რა არის სწორი საქართველოსთვის და ყველა პოლიტიკური პარტია, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ პოზიტიური შედეგი იყო დაბალი ბარიერი, რომელმაც 9 განსხვავებული პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ამიტომაც, ლიდერები შეთანხმდნენ 2%-იან ბარიერზე და სრულად პროპორციულ სისტემაზე, [რაც] არის ამ დროისთვის საუკეთესო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2019 წელსაც.

ეს კომენტარი კელი დეგნანმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კელი დეგნანი არ არის კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი.

„მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი [დეგნანი] არ არის თვითონ ექსპერტი“, – განაცხადა კობახიძემ 2 დეკემბერს.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მანამდე განაცხადა, რომ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღება სამწუხარო იქნება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.


პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.

“როცა არ უნდა მივიღოთ [საკონსტიტუციო ცვლილებები], ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებისთვის ოპოზიციას ისეთი წინაპირობები წაუყენა, როგორიცაა აქციების შეწყვეტა, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, დღის წესრიგის და რიტორიკის შეცვლა და სხვა.

netgazeti,ge

მსგავსი სიახლეები