ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე „ალტ-ინფოს“ კითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა. დასავლეთი ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, განაცხადოს, რომ ისინი იხელმძღვანელებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით, პატივისცემას იწვევას“, — თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები, რომელიც მოსკოვმა თავად გაწყვიტა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთაშორისი კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების განახლებას“, — განაცხადა ლავროვმა.


რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა – 20-21 ივნისის დემონსტრაციების შემდეგ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა უკავშირდება საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

„შესაბამისი წინაპირობების“ შემთხვევაში თბილისთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოსკოვი პერიოდულად საუბრობს.

მსგავსი სიახლეები