ვიდეო – ხელისუფლებამ მასობრივი დაკავებები დაიწყო – თბილისში აქციებზე 46 ადამიანი დააკავეს

თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე აქციებზე პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს დილიდან ენმ-ს ორგანიზებით თბილისში 3 ადგილას მიმდინარეობს დემონსტრაციები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან.

“იქ სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა”, — აღნიშნავს შსს.

უწყების თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აკრძალულია “ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება”.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები