IDFI: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„ჩვენი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა, უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“, – ვკითხულობთ IDFI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება, თუ უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, მთავრობის თანხმობას საჭიროებს.

„მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარეო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება“, – ვკითხულობთ IDFI-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. პრეზიდენტის განმარტებით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს. ამის შესახებ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვრცელი განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტი „კონსტიტუციის დარღვევისთვის“ გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები