„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არ უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მელია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მასთან ერთად სასამართლოს ეზოში ენმ-სა და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებიც მივიდნენ.
ჟურნალისტებთან საუბარში მელიამ თქვა, რომ „როგორც ჩანს, ზურაბიშვილი საღად აფასებს რეალობას“. მისივე თქმით, ქვეყნის დასავლური მომავალი ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე გადის.
ინტერვიუს დროს მელიას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ბოლო 1 თვეა ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს არაფორმალურად ხვდება და ჰკითხა, შეხვდა თუ არა თავად ის პრეზიდენტს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო“, — დასძინა მან. დამატებით კითხვაზე, უარყოფდა თუ არა, რომ ასეთი შეხვედრა საერთოდ შედგა, მელიამ თქვა, „არა, არ უარვყოფ“.
დანარჩენ დეტალებზე საუბარი ენმ-ის თავმჯდომარემ არ ისურვა.