მთავრობას საწვავის შეძენა გაუიაფდა

საქართველოს მთავრობა – სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

აპრილის განმავლობაში Platts-ის ფასი იყო $1,047 დოლარი, რაც მარტის ფასთან – 1,065 დოლართან შედარებით 1.69%-ით ნაკლები იყო, ანუ საწვავის “გაიაფება” რის შესახებაც არის საუბარი სინამდვილეში 2 პროცენტზე მცირე იყო.

უფრო დიდი იყო ცვლილება ლარის კურსთან მიმართებით. აპრილში ერთი დოლარის საშუალო ღირებულება იყო 3.07 ლარი, როდესაც მარტში საშუალო კურსი 3.24 ლარს შეადგენდა. გამყარებამ 5.42% შეადგინა. შესაბამისად, ფასზე მოქმედი წამყვანი ფაქტორი ამჟამად ლარის კურსია, მეორე ფაქტორი კი თავად საწვავის (Platts) ფასი.

ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მაისში მთავრობისთვის შესასყიდი საწვავის ფასი შემცირდა.

• რეგულარი – აპრილის ფასი მთავრობისთვის 3.76 ლარი, მაისის  ფასი 3.53 ლარი, კლება 6.12%;
• პრემიუმი – აპრილის ფასი მთავრობისთვის 3.77 ლარი, მაისის ფასი 3.54 ლარი, კლება 6.10%;
• სუპერი – აპრილის ფასი მთავრობისთვის 4.12 ლარი, მაისის ფასი 3.87 ლარი, კლება 6.10%.

რაც შეეხება საწვავის ფასს საცალო მომხმარებლებისთვის, დღეის მდგომარეობით, ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 3.79-3.83 ლარის, პრემიუმი 3.96-4.05 ლარის, სუპერი კი 4.10-4.19 ლარის ფარგლებში იყიდება. როგორც წესი საწვავის საბითუმო სარეალიზაციო ფასი, მის საცალო ფასთან შედარებით უფრო იაფია. ამჟამად, რეგულარის საცალო ფასი მთავრობისთვის მისაყიდ საბითუმო ფასზე საშუალოდ 26 თეთრით მეტია, პრემიუმის საცალო ფასი საბითუმო ფასს 42 თეთრით აღემატება, სუპერის საცალო ფასი საბითუმო ფასს კი 23 თეთრით აღემატება. როგორც წესი საცალო და საბითუმო ფასებს შორის სხვაობა ისედაც ძირითადად 20-30 თეთრის ტოლია.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ 15 მაისამდე უნდა წარადგინოს “შუალედური ანგარიში” საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

“ჩვენი ინფორმაციაა, რომ არაერთმა იმპორტიორმა დაიწყო იაფიანი საწვავის შემოტანა. თუმცა ეს ჯერ ასახულა ფასებზე. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, გვაქვს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს,”- აცხადებს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები