მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა, მტკიცებულებები კი სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წაიშალა.

გოგაშვილის აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც. მუხთარლი მის საქმეზე გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს:

„როდესაც მე დამაკავეს, რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს იყო ივანიშვილის დაკვეთა. მისი ნებართვის გარეშე ვერავინ გაბედავდა ამის გაკეთებას. ჩემს გადაცებაში მონაწილეობდა შსს, კრიმინალური პოლიცია, სუს-ი და სასაზღვრო სამსახური. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი გატაცება იგეგმებოდა. გატაცებამდე ამის შესახებ ინტერვიუც მივეცი „ამერიკის ხმას“.

ივანიშვილს ამის შესახებ თხოვნით ალიევმა მიმართა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამისთვის 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა. ჩემი ინფორმაციით, ფული გადასცეს ვახტანგ გომელაურს, რომელიც ახლა შს მინისტრის თანამდებობას იკავებს“ – აცხადებს მუხთარლი.

მუხთარლის თქმით, მისი ადვოკატი უახლოეს დღეებში მოითხოვს მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილი პროკურატურამ დაკითხოს:

„ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანი მოწმეა, რომელიც აქამდე ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და შესაძლოა ბევრად მეტი იცოდეს“ – ამბობს მუხთარლი.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა.

მსგავსი სიახლეები