თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 პირი დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 28 მარტს, ფინანსთა მინისტრთან მათი საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაა ჩანიშნული.