რამდენი ადამიანი უნდა იცრებოდეს დღიურად, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას?

ვაქცინაციის ეროვნული გეგმით, წელს საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც წლის განმავლობაში 1,691,214 ადამიანის აცრას გულისხმობს. ამ ადამიანთა ორჯერ ასაცრელად კი 3,979,327 დოზა ვაქცინა არის საჭირო (ვაქცინების დანაკარგის 15%-ის გათვალისწინებით).

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შედგენის დროს მთავრობა განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-პლატფორმაზე და მიუთითებდა, რომ 2021 წლისთვის ამ პლატფორმიდან “1,484,400 ვაქცინის დოზა გარანტირებული ჰქონდა”. როგორც დრომ აჩვენა ეს პროგნოზი გადაჭარბებული აღმოჩნდა, რადგანაც WHO-მ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისი ყველა ბენეფიციარისთვის დაპირებული ვაქცინების მხოლოდ მცირე ნაწილის მიწოდება შეძლო.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაგვიანებით, 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში სულ 368,179 აცრა არის ჩატარებული, ორჯერადად ვაქცინირებულია 132,207 ადამიანი, რაც მოსახლეობის 3.54%-ია. თუმცა, უკანასკნელ დღეებში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და გუშინ 11,073 დოზა გაკეთდა.

მარტივად არის შესაძლებელი იმის დათვლა თუ რამდენი აცრა უნდა კეთდებოდეს დღეში, რათა წლის ბოლომდე ორჯერადად 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% აიცრას.

  • ორჯერადად წელს უნდა აიცრას – 1,691,214 ადამიანი
  • ამჟამად ორჯერადად აცრილია – 132,207 ადამიანი;
  • ორჯერადად ასაცრელია – 1,559,007 ადამიანი;
  • ამ ადამიანების ორჯერადად ასაცრელად საჭიროა ვაქცინის 3,118,014 დოზა;
  • 2021 წლის ბოლომდე დარჩენილია – 164 დღე;
  • დარჩენილ დღეებში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად ყოველდღე – 19,012 აცრა უნდა ტარდებოდეს. (შედარებისთვის, გუშინ 11,073 აცრა ჩატარდა).

საქართველოს მთავრობას ვაქცინაციის პროცესის “მნიშვნელოვნად დაჩქარებისკენ” საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, თუკი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აიცრება, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით უფრო მოწყვლად ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს.

 

www.bm.ge

მსგავსი სიახლეები