2020 წელს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ კრიპტოვალუტა რიპლის 13 ათასი ერთეული იყიდა, რაშიც 13 ათასი დოლარი გადაიხადა. უკვე 2021 წელს კი, 84 მლნ ერთეული შიბა ინუ შეიძინა, ამაში კი, 3 ათასი დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ რომეო მიქაუტაძეს ქონებრივ დეკლარაციაში აქვს აღნიშნული.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ქონებრივი დეკლარაცია 30 ნოემბერს შეავსო. დეკლარაციის შევსების მომენტში რომეო მიქაუტაძე ფლობდა ბინას თბილისში, რომელიც 2018 წელს 240 000 დოლარად შეიძინა, ასევე სარდაფს და სათავსოს. მისი მეუღლე ნინო მიქაუტაძე კი ფლობს მიწის ნაკვეთს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, რომელიც 2019 წელს 18 000 დოლარად იყიდა, ასევე საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2020 წელს 863 000 ევროდ შეიძინა. ნინო მიქაუტაძის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი სოფელ წეროვანში, რომელიც მან 2018 წელს 85 000 დოლარად იყიდა. 2020 წელს 73 000 ევროდ იყიდა ნინო მიქაუტაძემ მსუბუქი ავტომობილი Range Rover.
დეკლარაციის შევსების მომენტში რომეო მიქაუტაძის საბანკო ანგარიშზე ჰქონდა – 3 874 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, რომეო მიქაუტაძეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2020 წელს აღებული აქვს 48 240 ლარი.