შოიგუმ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიუგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა. მინისტრმა ამის შესახებ გენერალ სერგეი სუროვიკინი მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

„თანახმა ვარ. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა“, – თქვა შოიგუმ.

როგორც BBC წერს, გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ხელმძღვანელობს, თავისი მოხსენება რუსეთის ძალების წარმატებაზე ლაპარაკით დაიწყო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვითარება „სპეცოპერაციის“ რაიონში საერთო ჯამში „სტაბილურია“, რუსეთის არმიის სამხედრო შესაძლებლობები მობილიზებულებისა და მოხალისეების ხარჯზე გაიზარდა; ცალკეულ მიმართულებებზე კი რუსეთის ძალებმა შეტევები განაახლეს.

გენერალმა სუროვიკინმა ხერსონის ოლქიც წარმატებულ მიმართულებად წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია წინააღმდეგობას უწევს უკრაინელთა კონტრშეტევას. როგორც შოიუგუმ დასძინა, ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის თავდაცვა მყარია, თუმცა არსებობს გარკვეული სპეციფიკური საკითხები – ოლქის ცენტრი და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მომარაგება და ფუნქციონირება სრულყოფილად შეუძლებელია, ადამიანების სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია.

„მიზანშეწონილი იქნება თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს გადაწყვეტილება მარტივი არაა, თუმცა ამავე დროს, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და ჩვენი დაჯგუფებების ბრძოლისუნარიანობას,“ – განაცხადა სუროვიკინმა.

მისი თქმით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარების გადაყვანა უახლოეს ვადებში დაიწყება. რუსეთის ძალები ოლქის ცენტრს, ქალაქ ხერსონსაც დატოვებენ.

ხერსონი რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებში დაიკავა, სექტემბერში კი უკრაინამ ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევის ოპერაცია დაიწყო.

ხერსონი უკრაინის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც რუსეთმა რეფერენდუმი ჩაატარა და ანექსია მოახდინა.

მსგავსი სიახლეები