ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას აიძულებდა

ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი იზა ჩირგაძე ამბობს, რომ მასზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ძალადობდნენ და არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. ამის შესახებ მან “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ისაუბრა.

მისი მონაყოლის მიხედვით, 30 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მას პარტიის წარმომადგენლები უკავშირდებოდნენ და უბანზე არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ბიულეტენის გადაცემას სთხოვდნენ.

“გაატარეო – არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო, როდესაც მონაცემებს არ ემთხვეოდა, უბრალოდ სახელი ემთხვეოდა მხოლოდ. მერე დამირეკეს და მითხრეს, რას ჰქვია არ გაატარეო, უნდა გაგეტარებინაო, ვეცადე, რომ არცერთი ბიულეტენი გამეშვა ისე, რომ გაყალბებულიყო…” – ამბობს რეგისტრატორი, რომელიც საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენლად გაეცნო მედიას.

მან თქვა, რომ დღეს, 1 ნოემბერს, როცა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს მარიამ ნემსაძეს უნდა შეხვედროდა და მოეყოლა ზეწოლის შესახებ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უთხრეს, რომ ის გაიტაცეს. როცა ის უკვე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთან ერთად იყო და პარტიაში მიდიოდნენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა და გამოჰკითხეს ნებით მიდიოდა თუ არა. მისი მონაყოლის მიხედვით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ოპოზიციური პარტიის ოფისში მისვლა.

“მირეკავენ, მოგაკითხავთო, თუ რამე გინდა, ჩვენ გიყიდითო…” – თქვა მან და დასძინა, რომ პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ მისი ოჯახის სხვა წევრებთან კომუნიკაციასაც.

ქუთაისში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი, გია ბასილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ იზა ჩირგაძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მას პარტიასთან შეხება არ ჰქონია.

“ხატია დეკანოიძეს და მის გუნდს ისღა დარჩენია ეძებოს მასეთი პროვოკატორები, რომლებიც იტყვიან, რომ “ოცნების” წარმომადგენლები არიან… რა უნდოდა, თუ აშანტაჟებდნენ ნაციონალურ მოძრაობაში?! ამისთვის არსებობს შესაბამისი სტრუქტურები… ამ ადამიანს, ალბათ, ორი კაპიკი მისცეს…

მათი მიმართვა სამართალდამცავებისათვის ახლა უკვე დაგვიანებულია, ეს შანტაჟის გაგრძელებაა, რომ აბა, რას იზამენ?! თუ იყო ჩვენთან, ვერ ნახა ჩვენთან სამართალი და გაიქცა იქ [ენმ-ში]?” – ამბობს გია ბასილაძე.

30 ოქტომბრის არჩევნებზე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს შორის განსხვავება მცირეა.

არჩევნებზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • ხატია დეკანოიძე (“ნაციონალური მოძრაობა”) – 32 703 ხმა (48,36%);
  • იოსებ ხახალეიშვილი (“ქართული ოცნება”) – 34 925 ხმა (51,64%).

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატია გამარჯვებული, ერთში – “ნაციონალური მოძრაობიდან”. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იმავეს ამბობენ მასთან კოალიციაში მყოფი “ლელოსა” და “დროას” ლიდერები და აცხადებენ, რომ “უკომპრომისო ბრძოლისთვის” ემზადებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები