ქართულმა ბანკებმა 9 თვეში 1.64 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2021 წლის ცხრა თვეში 1.64 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია კომერციული ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილ ფინანსურ მონაცემებშია ასახული.

თვეების მიხედვით ბანკების მოგების მაჩვენებელი ასეთია:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი – 204 მილიონი ლარი;
ივნისი – 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი – 178 მილიონი ლარი;
აგვისტო – 233.1 მილიონი ლარი;
სექტემბერი – 171.2 მილიონი ლარი.

2021 წლის 9 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 4.42 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 3.01 მილიარდი ლარია, სადაც ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.81 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 1.21 მილიარდი ლარი იყო.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 343 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. 2020 წელთან შედარებით ეს თანხა 48%-ით არის გაზრდილი.

კომერციულმა ბანკების ხარჯმა მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიდან 960 მილიონი ლარი შეადგინა. ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე კი 554 მილიონი ლარი დახარჯეს. თანამშრომლებზე ხელფასების სახით 577 მილიონი ლარი გაიცა, რაც 14%-ით არის გაზრდილი.

საბანკო სისტემამ ჯამში 1.83 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, ხოლო 192.5 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა.

ნინო თამაზაშვილი

commersant.ge

მსგავსი სიახლეები