ე.წ. “მუშკეტერებისა” და კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების წინააღმდეგ გამოძიება იწყება?!

პანდემიის მართვის პროცესში კორუფციის ფაქტებზე სექტორის წარმომადგენლების ეჭვები საბოლოოდ დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებამ, რომ 1 მილიარდი ლარი ცარიელ დაწოლებში გაიფლანგა, აშკარად მეტყველებს იმ განუკითხაობაზე, რაც კოვიდ19-ის მართვისას ფიქსირდებოდა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან კორუფციული სქემების ნიშნებს შეიცავდა. ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ მედიკოსები ხელოვნურად ძაბავდნენ სიტუაციას, კეთდებოდა დიდი ფული და მანიპულაციების გზით ახდენდნენ ზეწოლას მთავრობაზე, რაც შეიძლება მკაცრი რეგულაციები მიეღოთ და გაემწვავებინათ მდგომარეობა.

მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ სკანდალი უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროდან აგორდა. ახალმა მინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულა საავადმყოფოები და მათი ხელმძღვანელები პანდემიის პერიოდში საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში. ჯერჯერობით უცნობია რა გაგრძლება მოჰყვება ამას, მაგრამ

მთავრობის ერთ-ერთი უმაღლესი პირის ბრალდება მართლაც შემაშფოთებელია.

ორგანიზაცია ,,ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე კი ღიად აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროში ადამიანებს ჰქონდათ მატერიალური დაინტერესება, რის სანაცვლოდაც სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ.  დანაშაულებრივ კვალს იგი ხედავს  ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კოვიდკლინიკები,  ტესტირება, ვაქცინაცია, პირბადეების,  სადეზინფექციო საშუალებების ბიზნესი და სხვა.

აქედან გამომდინარე, ზვიად ტომარაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მართვის პროცესში ჩართული სამეული აუცილებლად უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

,,მინისტრი ადასტურებს, რომ  1 მილიარდი ლარი ტყუილად გადაიყარა. კორუფცია ყველა სახელმწიფოშია, მაგრამ მასშტაბს გააჩნია. ამ მხრივ წარმოუდგენლად მძიმე დანაშაულები ხდებოდა საქართველოში. როგორც კი კოვიდ19-ის თემა შემოიჭრა ქართულ რეალობაში, ბოლო წლების მანძილზე, კორუფციის ნიშნები მალევე გამოიკვეთა. პანდემიის საწყის ეტაპზეც ვსაუბრობდით, რომ სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან სერიოზული ინტერესი არსებობდა და პანდემია ფულის შოვნის იოლ გზად მიიჩნეოდა გარკვეული კლანების მიერ – ეს ეხება პირბადეების ბიზნესს, სადეზინფექციო საშუალებების, კოვიდსასტუმროებს და ა.შ. თითქმის ყველგან და ყველა საკითხში ჩანდა ეს საფრთხე.

მარტო პირბადის თემა რომ ავიღოთ, შვედეთმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გააუქმა ტესტირებები იმ მოტივით, რომ ძალიან დიდი თანხა უჯდებოდა ამ სახელმწიფოს ტესტირება, რომლის საჭიროება განსაკუთრებით ომიკრონის შემთხვევაში გამოირიცხა. მით უმეტეს, ტესტი ვერ არჩევდა ვირუსს  სეზონური ინფექციისგან“, – აღნიშნა ზვიად ტომარაძემ და დასძინა, რომ საქმე უნდა აღეძრათ ამ საკითხთან დაკავშირებით და პროკურატურამ რეაგირება მოახდინოს.

,,არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე არიან ბოროტმოქმედები, ცრუ პანდემიის შემოქმედები საქართველოში. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ვირუსი არ არსებობს, თუმცა ხდებოდა მანიპულაცია, ადამიანების დასტრესვა, დაშინება, ყოვლად უაზრო რეგულაციების შემოღება და დღესაც ისმის მათი მხრიდან ისეთი მოწოდებები, რომლის საჭიროება რეალურად არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ მატერიალური ინტერესი, რის სანაცვლოდაც სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ.

ეს სამეული – გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე, პირდაპირ დანაშაულს ჩადიოდნენ კოვიდის სახელით და ამისთვის ადრე თუ გვიან, აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, 1 მილიარდი ლარი დიდი თანხაა და ამაზე პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ტომარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ .

მისი ინფორმაციით, საქართველოს კოვიდის მართვა ყოველდღიურად მილიონობით ლარი უჯდებოდა და დღესაც დიდი რაოდენობით ფული იხარჯება, რაც ასევე კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

,,საქართველოსნაირ გაჭირვებულ ქვეყანას ,,ვირუსთან ბრძოლა“ ყოველდღიურად უჯდებოდა მილიონები. 1 მლნ დოლარი მარტო ტესტირებაში მიდიოდა, როცა 70-80 ათასი ტარდებოდა დღეში. როცა 45 000-50 000 ტარდებოდა, მინიმუმ 600 000 დოლარი ჯდებოდა. დღესაც ტესტირება ტარდება ყოველდღიურად 20 000-22 000,  რაშიც ყოველდღიურად 1 მლნ-მდე ლარი იხარჯება. ჩვენ ტესტებს არ ვაწარმოებთ და შემოგვაქვს, ანუ ქვეყნიდან ფული გადის. ვხედავთ, რომ ამაშიც გარკვეული პირები არიან დაინტერესებული.

ის, რაც განაცხადა ახალმა მინისტრმა, მანამდე კი ეკა ტიკარაძის განცხადება, რომ ლეტალური შემთხვევები კლინიკებში იზრდებოდა სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლებით, ეს იყო სერიოზული დანაშაულებრივი  ფაქტი, რასაც რეაგირება უნდა მოჰყოლოდა“, – დასძინა ზვიად ტომარაძემ.

პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტებიც.  ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი მარინა ბერაძე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მინისტრის განცხადების შემდეგ უნდა დაისვას  პასუხისმგებლობის საკითხი  როგორც მმართველის, ისე შემსრულებლის მიმართ.

,,ადამიანები რამდენიმე ათეული ლარის გამო აგებენ პასუხს და ბიუჯეტის ფულის გაფლანგვა მარტივად არავის უნდა შერჩეს, მით უმეტეს, მილიარდ ლარზეა საუბარი. ეს არის ყველა ჩვენგანის კუთვნილი თანხა, ბიუჯეტის ფული. მმართველმაც და შემსრულებელმაც პასუხი უნდა აგონ. ახლა თუ არ გაკეთდა ეს, შემდეგშიც აღმოაჩენენ ხარვეზებს და არც მათზე აგებენ პასუხს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ პანდემიისას მთელი ფული მიდიოდა კერძო კლინიკებში. ექიმები და ექთნები იყვნენ ძალიან გადატვირთულები და ახლა აღმოჩნდა, რომ ზომიერად არც ხელფასები ნაწილდებოდა. ამ დროს ამ ადამიანებმა არანორმალური შრომა გასწიეს, რაც არ დაფასდა.

მინისტრმა სისტემა ამხილა. ყველაფერი ახლა ხელისგულზე დევს და ჩვენი რეალობა იყო სულ ცოტა ხნის წინ, ამიტომ ყოველ ასეთ დარღვევაზე უნდა მოახდინონ რეაგირება, რითაც საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩება. თუკი ასე არ იქნება, ამ უსამართლობას ბოლო არ მოეღება. რაც ითქვა, ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, კლინიკების გადაცდომებზე მუდმივად გვესმოდა საუბარი,  მაგრამ  პროცესები მიმდინარეობდა დახურულად, არანაირი ღიაობა არ იყო. როგორც იქნა, დადგა დრო, რომ სრულყოფილად შეფასდეს ვითარება, რაც გარკვეულ რეაგირებასაც მოითხოვს“, – განაცხადა მარინა ბერაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის,  წინა კვირას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა. მინისტრის  თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

მსგავსი სიახლეები