ფინეთი გახდა მესამე ქვეყანა, რომელსაც რუსეთმა გაზი გადაუკეტა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

შედეგად, ფინეთი გახდა მესამე ევროპული სახელმწიფო ევროპაში, რომელსაც რუსული გაზი გადაუკეტეს. მანამდე, იგივე ქმედების სამიზნე გახდა პოლონეთი და ბულგარეთი.

უკრაინაში შეჭრისა და იქ ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. საპასუხოდ, რუსული ეროვნული ვალუტა რომ გადაერჩინა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით რუსეთმა გაზის გაყიდვა რუბლში დაიწყო. რუსეთი გაზის გადაკეტვით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან ამ ულტიმატუმზე.

მას, ვისაც რუსული გაზის მიღება სურს, ანგარიში უნდა გახსნას რუსულ ბანკში და რუბლში გადაიხადოს გაზის საფასური. აღნიშნული მიუღებელი აღმოჩნდა ევროპის არაერთი სახელმწიფოსთვის. ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს სწორედ ამ მიზეზით შეუწყვიტეს გაზის მიწოდება.

გარდა ამისა, ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, მომატებული საფრთხის გამო ნატოში გაწევრებაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთეს. ევროპაში მიიჩევენ, რომ რუსეთი გაზით აშანტაჟებს სახელმწიფოებს.

როგორც BBC იტყობინება, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის არაერთ სხვა სახელმწიფოს, რადგან მაისის ბოლოსთვის ახლოვდება გაზის საფასურის გადახდის თარიღი.

თავის მხრივ, უკრაინა ომის დაწყების დღიდან ითხოვს, დაწესდეს ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე, რადგან ევროპაში ენერგორესურსების გაყიდვით რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ მილიარდობით დოლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები