რატომ მყარდება ლარი? — ძირითადი ფაქტორები

ერთ თვეზე მეტია, ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4 თებერვლისთვის განსაზრვული კურსით, 1 აშშ დოლარი 3,01 ლარი ღირს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარი ამ დროისთვის 2.98 ლარი ღირს, რაც 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ლარის ყველაზე მყარი კურსია.

ლარის მიმართ დოლარის გაცვლითი კურსი 15 იანვრიდან 4 თებერვლამდე. წყარო: ეროვნული ბანკი

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ლარის გამყარებას რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი განაპირობებს.

„პირველი მიზეზი არის ექსპორტის ზრდა და ფულადი გზავნილების ზრდა 2021 წელს. 2021 წელს ორივე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც 2020 წელთან შედარებით ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამან თავისთავად ცხადია, რომ ასახვა პოვა ლარის კურსზე“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ცომაიამ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6% შეადგინა, ხოლო 2021 წლის საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. ცომაიას თქმით, სწორედ ეკონომიკური ზრდა აისახება ახლა ლარის კურსზე.

ლარის გამყარების მეორე ძირითადი მიზეზი, აკაკი ცომაიას აზრით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკაა — მაღალ საპროცენტო განაკვეთი ხელს უწყობს ლარში დეპოზიტების მოზიდვას, დოლარში კი— შემცირებას.

„ცხადია, როცა საპროცენტო განაკვეთი იზრდება, შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ლარის გამყარების პროცესს. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ასევე, ახდენს მოთხოვნის მოთოკვას, რაც აისახება ხარჯვით ნაწილზე. ეს კი შესაბამისად აისახება იმპორტის შემცირებაზე. შედეგად, იმპორტზე ფასები უნდა შემცირდეს და ამანაც, ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ლარის გამყარებას“, — ამბობს ცომაია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის 8 დეკემბერს0.5 პუნქტით გაზარდა, რამაც რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებული, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები ასი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირა.

აკაკი ცომაიას თქმით, ლარის გამყარება გაგრძელდება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ამოიწურება, თუმცა როდის მოხდება ეს, ძნელად პროგნოზირებადია.

მსგავსი სიახლეები