როგორ ეხმარება ფინანსურად EU კანდიდატ ქვეყნებს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება არ არის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მქონე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების ლიდერები წარმოაჩენენ.

გარდა იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია, ეს სტატუსი ასევე მოიაზრებს ევროკავშირისგან ამ ქვეყნებისათვის გამოყოფილ პრაქტიკულ, კერძოდ, ფინანსურ მხარდაჭერასაც.

ევროკავშირში გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი (IPA) არის სწორედ ის მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირი დამატებით უჭერს მხარს გაწევრიანების მსურველ, კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს.

ნეტგაზეთი ამ სტატიაში აანალიზებს, კონკრეტულად რას წარმოადგენს IPA, როგორ ეხმარება EU კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს და რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს საქართველომ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ სტატუსს მოიპოვებს.

რა არის გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი

ევროკომისიის თანახმად, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი (IPA) მიზნად ისახავს კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის აუცილებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გზაზე ფინანსურ მხარდაჭერას.

გარდა ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისა, ინსტრუმენტი ასევე ეხმარება ევროკავშირსაც, მათ შორის მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიზნების მიღწევაში.

ინსტრუმენტი თავდაპირველად 2007 წელს ამოქმედდა, რომლის პირველი პაკეტიც 2013 წლამდე გაგრძელდა.

დახმარების პირველი პაკეტი მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ინსტიტუციური მშენებლობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული განვითარება, ადამიანური რესურსებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

ქვეყნები, რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ მხარდაჭერის ინსტრუმენტში

2007-2013 წლებში მხარდაჭერის ინსტრუმენტისთვის გამოყოფილი თანხა 11.5 მილიარდ ევროს შეადგენდა, რომელიც გადანაწილდა ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ისლანდია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ასევე კოსოვოც, რომლის დამოუკიდებლობაც ევროკავშირის სახელმწიფოთა და მეზობლების ნაწილის მიერ აღიარებული არ არის.

IPA II, ანუ გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეორე პაკეტი 2014-2020 წლებში არსებობდა და მოიცავდა იმავე ქვეყნებს, გარდა ისლანდიისა და ხორვატიისა. ამის მიზეზი ისაა, რომ ისლანდიამ უარი განაცხადა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, ხოლო ხორვატია ალიანსში გაწევრიანდა.

ამ შემთხვევაში მხარდაჭერის საერთო ბიუჯეტი 12.8 მილიარდი ევრო იყო.

2021 წელს დაიწყო IPA III, რომლის ძირითადი მიმართულება ბალკანეთის რეგიონში რეფორმების გაძლიერების ხელშეწყობაა, თუმცა ასევე მოიცავს თურქეთსაც. მხარდაჭერის მესამე ტალღის ბიუჯეტი 14.16 მილიარდია.

IPA-ს ნაწილია IPARD, რომელიც სოფლის განვითარებისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტია და ბენეფიციარ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებს აფინანსებს.

კონკრეტული მაგალითები – ალბანეთი და სერბეთი

ალბანეთმა, რომელიც მოსახლეობითა და ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა და რომელსაც ჯერ პოტენციური კანდიდატის, შემდეგ კი განხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, 2007-2020 წლებში IPA-ს ფარგლებში ევროკავშირისგან 1 მილიარდ 230 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

იმავე წლებში სერბეთმა, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოზე დიდი ქვეყანაა, თუმცა ზომით მაინც მცირე ქვეყნების კატეგორიაში გადის, 2 მილიარდ 924 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირიდან.

ალბანეთსა და სერბეთზე ასევე გადანაწილდა მხარდაჭერის ის ნაწილიც, რომელიც არა მხოლოდ უშუალოდ ამ ქვეყნებს, არამედ რამდენიმე ქვეყანას ერთდროულად გამოუყვეს.

ვლორასა და როგოჟინას შემოვლითი გზები ალბანეთში, რომელთა მშენებლობა სრულად ან ნაწილობრივ ევროკავშირში გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეშვეობით დაფინანსდა

ამ წლების განმავლობაში მიღებული დახმარება მოხმარდა დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონმდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების ნაწილში მიმდინარე რეფორმებს. ასევე, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, კლიმატის, განათლების, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს.

დახმარება ასევე მოიცავს ამ ქვეყნებისა და მისი მეზობლების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ქვეყანაში ინსტიტუტების გაძლიერებასა და სხვა მიმართულებებს.

რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს საქართველომ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის (GIP), ბიძინა ლებანიძის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება სიმბოლურზე ბევრად მეტია „როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად და სტრატეგიულად“.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს, ქვეყანას შეეძლება დახმარების სახით იმაზე „ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხა მიიღოს, ვიდრე დღეს“.

„სერბეთმა შვიდი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან მიიღო მილიარდ 500 მილიონ ევროზე მეტი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველო იღებს ევროპული სამეზობლო მხარდაჭერის ფარგლებში.

თუ საქართველო „კარგად მოიქცევა“ და რეფორმებს შეასრულებს, მიიღებს ორჯერ, სამჯერ მეტს, ვიდრე დღეს იღებს, და ეს იქნება, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობის მომცემი. თუ მოწინავე ქვეყანა იქნება და კარგად განახორციელებს რეფორმებს, უფრო მეტ თანხას მიიღებს, მაგრამ პირიქით, ვთქვათ, თუ იქნება სტაგნაცია, უფრო ნაკლებსაც მიიღებს“, – განაცხადა ბიძინა ლებანიძემ.

 

ბიძინა ლებანიძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

მისი განცხადებით, IPA მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პოზიტიურ სიგნალს უგზავნის ინვესტორებს და, როგორც წესი, კანდიდატ წევრებში ინვესტიციები იზრდება, რაც სიგნალია იმისა, რომ ეკონომიკა უფრო სტაბილურია და იზრდება.

„[გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტის] ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, რომ შეამზადოს ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის და შემდგომში სტრუქტურული ფონდების უკეთ ათვისებისთვის, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარი ინსტრუმენტია წევრი ქვეყნებისთვის. ეს დღესვე მოგცემს სხვაობას, რადგან ქვეყანა მიიღებს იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე აქამდე იღებდა“, – აცხადებს ბიძინა ლებანიძე.


ევროკომისია ხვალ, 17 ივნისს წარადგენს საკუთარი მოსაზრებების დოკუმენტს, რომელიც შეიმუშავა EU-კითხვარზე საქართველოს მიერ მომზადებულ პასუხებზე დაყრდნობით. ამაზე დაყრდნობით მოგვიანებით გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროპული საბჭო მიიღებს.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები