პროკურატურა ამბობს, რომ „მთავრობის ჩამოგდებაზე“ სააკაშვილის განცხადებას შეაფასებენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 მარტის სასამართლო სხდომაზე ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს მთავრობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რასაც ბრალდების მხარის პროტესტი მოჰყვა.

„თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზციას, თუ ჩვენ არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში — „ჩვენ ამ მთავრობას, ვაიძულებთ, გავაკეთებინებთ…“ რას გააკეთებინებთ? მოღალატეები არიან“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად რეპრესიული აპარატისა, „ჩვენ მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას“.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ სააკაშვილმა პროცესი დატოვა. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში მოწოდებების გაკეთება მიუღებელია.

„თუ ვაძლევთ პიროვნებას [საშუალებას], გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ გადაიზარდოს მოწოდებებში, დამხობისკენ მოწოდება იქნება თუ რაც იქნება“, — განაცხადა ნინო ელიეშვილმა.

საპასუხოდ ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ დამხობისკენ მოწოდება არ ყოფილა.

„თუ გინდათ, ქუჩაში გამოსვლისკენ იყოს და სასამართლოს ეძახოს, რომ არის ისეთი და ასეთი. არავინ არავის ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა“, – დასძინა მოსამართლემ.

სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა თქვა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ედავებიან ძალადობის ორგანიზებას და ის დღემდე აგრძელებს ძალადობრივ მოწოდებებს.

„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს“, — თქვა მან.

მსგავსი სიახლეები