პირისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) კორონავირუსგადატანილი პირებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც BMG-ის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა განუცხადა, თუ საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მთავრობას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილება “სამეცნიერო მტკიცებულებებით” გაამყაროს.

“საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომ გაგვესაჩივრებინა მათი ეს გადაწყვეტილება, რადგან ის მიგვაჩნია უკანონოდ. ზოგადად სახელმწიფოს მართვის პრინციპია, რომ მართვა სამეცნიერო მტკიცებულებებს დაეყრდნოს. მაგალითად, თუ სამეცნიერო მტკიცებულება გეუბნება, რომ რომელიმე დაავადებას ეს ახასიათებს, არ შეიძლება, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, მტკიცებულებებად წარვადგინეთ ის, რომ ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ეს სამეცნიერო თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და მოვითხოვეთ სასამართლომ მთავრობას დაავალოს საკუთარი გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებას დააყრდნოს”,-აცხადებს არგანაშვილი.

მისივე განმარტებით, სარჩელში ისინი არ ითხოვენ კოვიდგადატანილებისთვის ე.წ მწვანე სტატუსი 6 ან 8 თვით განისაზღვროს, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის, არამედ მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება მეცნიერულ მტკიცებულებებით დაასაბუთოს.

“სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მთავრობას დაავალდებულებს დაასაბუთოს სამეცნიერო მტკიცებულებით ის გადაწყვეტილება, რომ მთელი ცხოვრება მიანიჭა ადამიანებს ეს უვადო მწვანე სტატუსი. რადგან მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ასეთი დასაბუთება ბუნებაში არ არსებობს, არცერთ ქვეყანაში და არცერთი სამეცნიერო წყაროთი არ მტკიცდება. ვიმედოვნებთ, რომ შეცვლიან ამ სამუდამოდ “მწვანე სტატუსის” მინიჭების გადაწყვეტილებას კოვიდგადატანილებისთვის”,-ამბობს არგანაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე გვეუბნება, რომ სასამართლოს სარჩელით გუშინ, 29 ნოემბერს მიმართეს და მას სამდღიანი ვადა აქვს უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისთვის. თუ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება არ დააკმაყოფილა, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტი ენიჭება ადამიანს, თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა ძირითადად “მწვანედ” ცნობს იმ პირს, რომელმაც ბოლო 6 თვეში გადაიტანა ვირუსი.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ გეგმა, რაც საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინეს, “რთული” იყო და მან შეამსუბუქა.

bm.ge

მსგავსი სიახლეები