„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ – მეუფე ნიკოლოზი

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიწყება ახალი ერა, როცა იმით, რომ მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა“, – ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დროა საქართველოში საყოველთაო შერიგებაზე ფიქრი დაიწყოს და მისი მთავარი გზავნილიც მესამე პრეზიდენტის მიმართ სწორედ ეს იყო.

„მე რაც ვნახე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი და ყველას მიმართ, ეს თქვენც ყველას გეხებათ. დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა და შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი.მე ვთხოვე ბატონ მიხეილს მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის და ასევე რომელ ტელევიზიებთანაც მას მიუწვდება ხმა, მოუწოდოს ყველას, ვიფიქროთ საყოველთაო შერიგებასა და ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი რამ ერთმანეთისთვის. მე ვფიქრობ ჯერ კიდევ ეს იწყება წარსულიდან, კომუნისტებიდან, შემდეგ იყო პირველი პრეზიდენტი და მძიმე ოთხმოცდაათიანი წლები და ბევრი კიდევ სხვა რამ. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, საყოველთაო შერიგება პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის დალაგებით უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები