პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულოა ღია სივრცეშიც, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება

პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულოა ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუარესება გახდა.

„მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება.

შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

მსგავსი სიახლეები