მოსალოდნელი ცვლილების ფონზე, საჭიროა, დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე სახელწოდებით “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“, ევროპაში ახალ რეალობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განცხადებით, ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, უკრაინა მაინც გამარჯვებული იქნება, რადგან მან საკუთარი ბრძოლით დამოუკიდებლობა გაამყარა.

“რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები ევროპაში: შეიკრა და გაძლიერდა უკრაინის ეროვნული იდენტობა, შეიკრა და გაძლიერდა ევროკავშირის ქვეყნების ერთიანობა და მათი შეგნება, რომ უსაფრთხოებაზე თვითონ ევროპელებმა უნდა იზრუნონ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

ნატოს დღის წესრიგში ნეიტრალური ქვეყნების გაწევრიანება დადგა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსეთმა კი კიდევ ერთხელ, ყველას დასანახად და გასაგებად, აგრესორისა და ნგრევის მომტანის სასტიკი სახე აჩვენა, თუნდაც იმ რეგიონში და იმ მოსახლეობის მიმართ, რომლის ვითომცდა დასაცავად უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ამ სისასტიკის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოახდინა ძალის დაუმარცხებლობის დემონსტრირება, რითაც იმედოვნებდა ევროპისა და მეზობლების დაშინებას. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან: მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის განცხადებითვე, ახალი შესაძლებლობების დროს, რასაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია, საქართველო ერთიანი უნდა იყოს. ამას გარდა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება და საბოლოოდ, ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს.

“ძნელი სათქმელია, ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას – უკრაინის – როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტის, კავკასიის – როგორც აღმოსავლეთთან სტრატეგიული ხიდის, რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აღმოსავლეთ ბალკანეთის როლს, ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს, თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობასა და ეკონომიკური თუ სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე, საჭიროა, ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები.

ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვასა და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს, თუნდაც რეფერენდუმის ფორმით.

ეს იმას ნიშნავს, რომ  ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთანებული, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით! პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს! მთავრობისა თუ ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს  და არ აყენებდეს საფრთხის ქვეშ, მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს, და არ ბადებდეს ეჭვს ჩვენს გულწრფელ არჩევანზე და მიმართულებებზე!” – განაცხადა პრეზიდენტმა.

bm.ge

მსგავსი სიახლეები