ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა „ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

“ჩემო ძვირფასო ლაგოდეხელებო, როგორც იცით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მივიღე გადაწყვეტილება დამესრულებინა ჩემი მრავალწლიანი კარიერა საბანკო სექტორში და ის ცოდნა, რომელსაც პოლიტოლოგიისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით წლების მანძილზე ვაგროვებდი, ჩემი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ გამომეყენებინა. მას შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “ქართული ოცნებიდან” ვხელმძღვანელობდი სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, ასევე, 2018 წლიდან ვარ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დამფუძვნებელი და არა ერთი სოციალური პროგრამის ინიციატორი”, – ამის შესახებ სალომე ღონღაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და პარტია “ქართული ოცნების” მიერ გადადგმულმა არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ცხადყო, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი დიდი საფრთხის ქვეშაა. ის ძირეული შეცდომები და უკვე შეცდომებზე ბევრად მეტი, რაც ქართველმა ერმა წინა ხელისუფლებას არ აპატია და რის გამოც 2012 წელს მოხდა უამრავი ადამიანის კონსოლიდაცია უკეთესი მომავლის იმედით, უკვე არც მმართველი პარტიისთვისაა უცხო. დღეს ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში ერთიანად მონაწილებს, როგორც ოპოზიცია, ასევე “ქართული ოცნება”, მმართველი პარტია, მისი წინამორბედივით იყენებს უკანონო და უღირს მეთოდებს ოპონენტების, განსხვავებული აზრის მქონე თუნდაც საკუთარი ყოფილი თანაგუმდელების მიმართ, რადგან მათ მთავარ მიზანს, არა ადამიანის გარშემო გაერთიანება და უხილავი თუ ხილული მტრების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.

თვითმმართველობაში მოსვლის დღიდან ჩემს ამომრჩეველს მივეცი პირობა, რომ არასოდეს გადავუხვევდი იმ პრინციპებს, რომელიც მორალურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნისა თუ მუნიციპალიტეტის განვითარებას.სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო უმრავლესობის რიგები და ბრძოლა გავაგრძელო გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. პიროვნების, რომლის მმართველობის პერიოდშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. როდესაც სახელმწიფო გავდა სახელმწიფოს და ადამიანები მისი სახით ძლიერ დასაყრდენს ვხედავდით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც ლიდერის უნარები, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა – პანდემიასთან ბრძოლაში, რაც მსოფლიომ აღიარა. ვფიქრობ, დროა დასრულდეს ის მოცემულობა, როდესაც მოსახლეობას ცუდსა და უარესს შორის უწევდა არჩევანის გაკეთება. სწორედ პარტია ,,საქართველოსთვის” წარმოადგენს დღეს ერთადერთ ალტერნატიულ ძალას, რომლის ხედვა და მიზნები ორიენტირებულია თოთოეული ადამიანის საჭიროებებზე, პროფესიონალი, თავისუფალი, არაკორუმპირებული და პატრიოტი კადრების შერჩევაზე, რომელთაც მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა აერთიანებთ. რაც მთავარია, ყოველგვარი პოლარიზების, დაპირისპირების და ანგარიშსწორების სურვილის გარეშე.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, რასაც საქმით დავამტკიცებთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , ვინც ამ წლების მანძილზე მაძლევდა სტიმულს, მაძლიერებდა. სწორედ თქვენთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის ვერთიანდებით. ვერთიანდებით არავის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის და თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ის გუნდია, რომელიც ბოლომდე მომცემს საკუთარი თავის რეალიზების და განვითარების შესაძლებლობას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც რიგით ლაგოდეხელს”, – წერს სალომე ღონღაძე “ფეისბუქში”.

 

IPRESS

მსგავსი სიახლეები