თქვენი ბედი, საბოლოოდ, თქვენს ხელშია — კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს თბილისში ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შესაბამის პირობებს შეასრულებს.

კარლ ჰარცელის თქმით, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ და რა სისწრაფით შეასრულებს ამ რეკომენდაციებს.

ელჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსთან შედარებით, უკეთესი რეკომენდაციები მიიღეს და ამას ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოში.

„როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია.

როგორც ევროკავშირის ადრინდელი გაფართოების გამოცდილებამ და ისტორიამ აჩვენა, საბოლოდ, ბურთი თითოეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლებს აღმავლობებისა და დაღმასვლების საკუთარი წილი შეხვდათ. 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში ახალი არაფერია და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს: თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, — აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება ეფუძნება საქართველოში არსებული ვითარების საფუძვლიან შეფასებას ევროკავშირის გაფართოების დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კერძოდ, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიტერიუმებისა.

„ეს გამომდინარეობს იმ ძირითად ღირებულებებიდან, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მათ შორის, ინსტიტუტების სტაბილურობას, რომელიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ეხება ქვეყნის მზაობას, გაუძლოს ბაზრის ზეწოლას იმის შესაბამისად, რომ ის ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილს წარმოადგენს.

ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იქნას აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი რეკომენდაცია გასცა, ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვისათვის. თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული“, — აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, ეს პირობები აქამდეც ცნობილი იყო და მოიცავს, მათ შორის, პოლარიზაციის გადალახვას და პარტიების ურთიერთთანამშრომლობას 19 აპრილის შეთანხმების, ე.წ. მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების შესაბამისად, ასევე,  სასამართლო რეფორმას, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს დაცვას და ა.შ.

„ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას ამ პრიორიტეტების შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვების ჩართულობას“, — თქვა ჰარცელმა.

მსგავსი სიახლეები