ვიდეო – მატლიანი საკვები ჯარს – რა შედის ჯარისკაცებისთვის ყაზარმებში?!

ექსკლუზივი: თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სისტემის მხილებას იწყებენ – რა შედის საკვების ნაცვლად ჯარისკაცებისთვის ყაზარმებში?! 

დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარის სასადილოებში – ამ ისტორიას ვინმე გარეშე პირი არ ჰყვება. ფიცის ქვეშ, სასამართლოს ამ შოკისმომგვრელ ფაქტებზე ჩვენებას აძლევს ქალი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში საკვების კონტროლი ევალებოდა.

თეა კუჭუხიძის მიერ სასამართლო დარბაზში მოყოლილ ფაქტებს “შაბათის ეთერისთვის” მიწოდებული ფოტოებიც ადასტურებს – “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად, ამ ინფორმაციას ეს ფოტოებიც ადასტურებენ – ერთ ფოტოზე ჩანს მატლებიანი თევზი, მეორეში კი უკვე შესაწვავად არის გამზადებული.

საბოლოოდ, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჯარის საკვებს ამოწმებდა და ამ რეალობაზე ხმის ამოღება გაბედა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ვიდრე თეა კუჭუხიძეს სამაგალითოდ დასჯიდნენ, თავდაცვის მინისტრის სახელით გარიგება შესთავაზეს, მიიღებდა ფულს თუ გაჩუმდებოდა და სამხედრო ბაზებზე დამპალი საკვების ძებნას შეწყვეტდა.

კუჭუხიძე “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ უკანონო გარიგებაში შესვლა მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით, მისმა მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა შესთავაზა. აზარაშვილი ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრია.

ქალი უკანონო მითითებას არ დაემორეჩილა, რის შემდეგაც, თეა კუჭუხიძეს, სამხედრო ბაზებზე შესვლა და ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი აეკრძალა.

თეა კუჭუხიძე კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, ქალი ჰყვება, რომ მოწამლულ ჯარისკაცებს რომელთა სიცოცხლეც საფრთხეში უვარგისი საკვების გამო ჩავარდა, ისე აფორმებდნენ, თითქოს სამხედროები ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით მოხვდნენ.

საჯარო მოხელე სისტემას არ დანებდა, სიმართლის დამტკიცებას ახლა სასამართლოს გზით ცდილობს.

 

მსგავსი სიახლეები