ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ 2014 წელს პოლიციელების მხრიდან ერთი პირის მიმართ წამების ფაქტი დაადგინა. გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ, 28 აპრილს გამოიტანა.
საიას ინფორმაციით, 2014 წლის ზაფხულში პატრულის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს კუთვნილი ავტომობილით მოძრავი პირი. ის შეეცადა პოლიციელები დაერწმუნებინა, რომ არ დაურღვევია მოძრაობის წესები, რის შემდეგაც პატრულ-ინსპექტორმა პირი მისი მანქანისკენ გაათრია და თავში ხელი დაარტყა, შემდეგ კი მას 100-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ამის შემდეგ მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორს მიმართა, რომ გაასაჩივრებდა გამოწერილ ოქმს და თავში ხელის წამორტყმასაც “არ აპატიებდა”, რის მერეც ის სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მოქალაქემ მძიმე დაზიანება მიიღო.
საიას ცნობით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოქალაქეს მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ასევე ჰქონდა გულმკერდის ტრავმა, V და VII ნეკნების მოტეხილობა, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
“მომჩივნის მიმართვის საფუძველზე, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება მის მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მომჩივანი არ იყო ჩართული გამოძიების პროცესში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
მას დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ გამოძიების დასრულებისას, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს, მიენიჭა, ხოლო 2015 წლის 2 დეკემბერს საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პასუხისგებაში მხოლოდ ერთ პატრულ-ინსპექტორი მიეცა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ძალადობით სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არ იყო სრულყოფილი. გამოძიების ინტერესების მიღმა დარჩა მომჩივნისთვის მიყენებული ისეთი მძიმე დაზიანება, როგორიცაა ნეკნების მოტეხილობა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, არცერთ პოლიციელს არ წაუყენა ბრალი აღნიშნულ ფაქტზე. დამატებით, სასამართლომ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დროული სამედიცინო გამოკვლევის/ექსპერტიზის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მიმდინარე საქმეზე ბრალი წაუყენა მხოლოდ ერთ პატრულ-ინსპექტორს და ისიც მხოლოდ თავის არეში ხელის დარტყმის საფუძველზე”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ამასთან, საიას ინფორმაციით, მომჩივანმა 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო დავა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც სამინისტროს მის მიმართ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისითაც. ამის გამო საია აღნიშნული საქმის აღსრულების მონიტორინგს გააგრძელებს, როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე მინისტრთა კომიტეტის წინაშე.