სააგენტომ ვერ უზრუნველყო კენკროვანი კულტურების ნერგების მიმწოდებლების ვალდებულებების შესახებ ბენეფიციარების სათანადო ინფორმირება – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების ანგარიშშია ნათქვამი.
აუდიტის სამსახურმა, ასევე გამოავლინა პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვის ნაკლოვანებები, კერძოდ:
სააგენტომ ვერ წარმოადგინა 2018-2020 წლების საბიუჯეტო განაცხადების დეტალური გაანგარიშებები. 2018-2020 წლებში ქვეპროგრამის საბიუჯეტო რესურსი იგეგმებოდა ხარვეზებით. კერძოდ, თავდაპირველად ჯამურად დამტკიცებული 34,000,000 ლარის ასიგნებები დაზუსტდა 46,368,500 ლარამდე, ხოლო ამავე პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 60,609,693 ლარი შეადგინა.
2018-2020 წლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდებოდა დაზუსტებული საბიუჯეტო ასიგნებების ამოწურვის პირობებში, რის გამოც ხდებოდა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ფინანსური ვალდებულებების ფაქტობრივი აღიარება. შედეგად, ასეთი წესით, ბენეფიციარებთან გაფორმებულმა ხელშეკრულებების ღირებულებამ 2018 წელს − 2,360,235 ლარი, 2019 წელს − 414,403 ლარი, ხოლო 2020 წელს − 11,466,555 ლარი შეადგინა.
ასევე, აუდიტმა გამოავლინა ხარვეზები კონტროლისა და მონიტორინგის პროცესში. სააგენტოში არ არსებობს ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გაშენებული ბაღების მონიტორინგის პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემდა, სათანადოდ გაეანალიზებინა პროგრამის განხორციელებით მიღწეული შედეგები. სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას პროგრამის განხორციელებით ბენეფიციარების მიერ მიღებული მოსავლის ან/და შემოსავლების შესახებ.
აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1,332,366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთანავე, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733,291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3,115,975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში − ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია.
ასევე, ხარვეზები გამოვლინდა ბენეფიციარებისათვის დადგენილი ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების ნაწილშიც. კერძოდ, ბენეფიციარს სააგენტოს პროექტების განმხილველი კომისიის მიერ, თანხის ანაზღაურებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაეკისრა 73,500 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნული თანხა არ იყო აღრიცხული მოთხოვნების შესაბამის საბალანსო ანგარიშზე, ასევე თანხა არ იყო დაბრუნებული ხაზინის ანგარიშზე. ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, საბიუჯეტო რესურსი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირიცხება და განიკარგება მიმწოდებელი კომპანიის მიერ.