გახარიას კანდიდატებზე “ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლის ფაქტებს.

პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, მათ კანდიდატებზე “ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლის ფაქტებს.

“დღეს სენაკის ჩვენს სამაჟორიტარო კანდიდატზე განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან მოიხსნა კანდიდატურა. ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს სხვა რეგიონებშიც, როცა “ქართული ოცნება” მიმართავს ზეწოლას ჩვენს კანდიადატებზე, რათა მათ მიერ მოხდეს კანდიდატურების მოხსნა. ეს პრაქტიკა, როცა “ქართული ოცნება” იყენებს ძალოვან უწყებებს ზეწოლისთვის, არის არა მარტო სამართალდარღვევა და საჭიროებს რეაგირებას, გამოძიებას, არამედ არის საარჩევნო პროცესისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელშეშლაა და კამპანიის პროცესშივე კლავს იმ უფლებას, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევანის უფლება.

მივმართავთ მთავრობას და ცესკოს, რომ გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და შეასრულონ თავიანთი ფუნქცია”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არის პირი, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, ფარულავამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებს მისი ვინაობის დასახელებისგან. ასევე, მან არ დააკონკრეტა, რა სახის ზეწოლაზეა საუბარი.

ამასთან, გიგა ფარულავას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” შტაბს საუბნო საარჩევნო კომისიაში თავის კვოტას გადასცემს “სტრატეგია-აღმაშენებელი”.

“შეუთავსებელია, “ქართული ოცნება” იყენებდეს ოპოზიციური პარტიის კვოტას. მივმართავთ ცესკოს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ კომისიების დაკომპლექტების პროცესით. ეს ფაქტი აძლიერებს ეჭვს, რომ “ქართული ოცნება” სატელიტი პარტიების მეშვეობით ახდენს საარჩევნო პროცესის ხელშეშლას”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები