აზერბაიჯანი რუს დეპუტატზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, ბაქომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეზე, მიხაილ დელიაგინზე, რომელმაც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ტელეკომპანიის ეთერში აზერბაიჯანის ნავთობსაწარმოებზე რუსეთს შესთავაზა ბირთვული იერიშის მიტანა.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრინციპებს, ჩატარდა გამოძიება და, შესაბამისად, აზერბაჯანულმა მხარემ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.

აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებამდე, ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, და თქვა, რომ დელიაგინის გაცხადება არ შეესაბამება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას და მას მიუღებელი უწოდა.

გუშინ, 29 მარტს რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატმა დელიაგინმა აზერბაიჯანზე აღნიშნული განცხადება ყარაბაღის კონტექტსში გააკეთა. რუსული და სომხური მხარეების ცნობით, უკრაინაში ომის დროს რუსული კონტინგენტის ნაწილის გასვლის შემდეგ, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ერთი სოფელი დაიკავა. რაც თავის მხრივ, ბაქომ უარყო.

მსგავსი სიახლეები