მთავრობა და კერძო სექტორი სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტიციას ჩადებს – პრემიერი

“მომდევნო წლებში მთავრობა და კერძო სექტორი სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტიციას ჩადებს”, – განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარს. უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდან მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობის და კერძო სექტორის ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მლრდ ლარს.

შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად ინკლუზიური. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მოქალაქეების რაც შეიძლება მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში და ამაში ვგულისხმობთ ასევე რეგიონების განვითარებას. ჩვენი ამოცანა არის მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, გრძელვადიანი განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე. მთავრობამ პირველად დოკუმენტზე სამუშაოები დაასრულა, ხოლო დღეიდან ვიწყებთ თემატურ განხილვას. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს“, – განაცხადა პრემიერმა.

BM.GE

მსგავსი სიახლეები