აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო.
ამ საკითხზე საუბრისას ოლსენმა შეაქო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
ოლსენის თქმით, აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც თვითონ ქართველების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.
“ჩვენ ვწუხვართ, რომ მთავრობის ქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს დემოკრატიული პროცესი დააზიანა. მმართველმა პარტიამ დააფიქსირა ერთგულება მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმებისადმი და ჩვენ გვსურს ამ პირობის ბოლომდე მიყვანა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში. მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს დემოკრატიის სამიტზე ამ კვირაში და ველოდებით, გეგმებს, რომელის განხორციელებასაც აპირებს საქართველო მომავალ წელს”, – განაცხადა ოლსენმა Foreign Policy-ის და ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე სამხრეთ კავკასიის შესახებ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მკაცრი გზავნილების გაგზავნა მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აშშ გააგრძელებს ამის გაკეთებას.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღება სამწუხარო იქნება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“. პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კელი დეგნანი არ არის კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი.
კობახიძის პასუხს გამოეხმაურა კელი დეგნანი და აღნიშნა, რომ თავადაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.