საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური სისტემა, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის თხოვნით მიმართა. ინსპექტორი ითხოვს სააკაშვილი გადაიყვანონ ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა.
ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ კანონით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ბრალდებულ/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწსებულებიდან სხვა დაწესებულებაში, მათ შორის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლება არ აქვს, თუმცა არსებობს პრაქტიკა, როცა თხოვნა გათვალისწინებული იქნა.
“პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-ე დღეა შიმშილობს. ახლა მისი მოთხოვნაა გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. მან შიმშილობა დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში გამოაცხადა. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის 8 ნოემბერს რუსთავიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სახალხო დამცველმა თქვა, მასთან შეხვედრის დროს სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს – უთხრეს კლინიკაში გადაჰყავდათ და ამიტომ დათანხმდა.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანის რამდენიმე ვიდეო გაავრცელა იმის დასტურად, რომ მასზე არ უძალადიათ. ამ ვიდეოებში აღბეჭდილი ფაქტები სახალხო დამცველმაც და მოგვიანებით პრეზიდენტმაც პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნიეს.