წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი, როდესაც პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის კრიტიკის პასუხად განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, არ იცის რატომ აირჩია მინისტრმა თავდასხმის ობიექტად, რადგან ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების შესახებ კრიტიკული მოსაზრების ბევრი დეპუტატია.
“გულწრფელად გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ, 2012 წელს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონოდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიშას გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის იყო დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა. არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას.
მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს, რატომ ამირჩია მე, რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, ვინც ერთნაირად ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე საქართველოში.
მისი ბრალდებები ჩემზე არის აბსოლუტურად იმედგამაცრუებელი. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი. როდესაც პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახის, არადა, ეს კრიტიკა არ მიემართება რუსი ხალხისაკენ. ჩვენ ვაკრიტიკებთ რუსეთის ხელისუფლებას. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველთან“.