ფარული ჩანაწერი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იაღარი, საჯარო სივრცეში კვლავ გამოჩნდა.
წინა სხვა შემთხვევების უმრავლესობის მსგავსად, 9 იანვარს გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჯერჯერობით ისიც გაურკვევლია, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საქმეზე.
როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაა გაკეთებული. 44-წამიან ჩანაწერში, სავარაუდოდ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ხმა ისმის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებს.
რა ხდებოდა ჩანაწერის გავრცელებამდე?
ჩანაწერის გამოქვეყნება დროში ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პერიოდს. როგორც ცნობილია, ენმ-ის ახალი თავმჯდომარე 28-29 იანვარს უნდა აირჩიონ. პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში კი ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი მონაწილეობენ.
ჩანაწერის გავრცელებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია თავად ნიკა მელია. თუმცა იმაზე, რომ მსგავსი ჩანაწერი არსებობდა, ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდა ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე. 14 დეკემბერს მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „მოასმენინეს ფაბრიკაცია, სადაც მელია თითქოს უსიამოვნოდ საუბრობს სააკაშვილზე“.
„მომასმენინეს და მითხრეს, რომ ნიკა მელიას ვინც მხარს დაუჭერს, მოვასმენინებთ ამას და ნახავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს არ ახსენებს, მონაკვეთები არის ამოკრებილი, სადაც ნიკა მელია საუბრობს არასასიამოვნო ტერმილოგიით. “, – ამბობდა 14 დეკემბერს ეკა ხერხეულიძე.
ხერხეულიძე ამბობდა, რომ აღნიშნული ჩანაწერის შესახებ მელიასაც შეატყობინა, რომელმაც უთხრა, რომ როგორც კი ჩანაწერი გამოქვეყნდებოდა, მას ექსპერტიზაზე ლონდონში გააგზავნიდა.
ნიკა მელია სავარაუდოდ მასზე ჩანაწერების არსებობას 15 დეკემბერს „ტვ პირველის“ ეთერშივე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ენანება ყველა, ვისაც შეუძლია, რაღაც ფარული ჩანაწერებით ირბინოს“. მაშინ მელიამ კითხვას ჩანაწერების გავრცელება ენმ-დან მოხდა თუ არა, უპასუხა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა.
„ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ხელისუფლების მეცადინეობის გარეშე, რომელთათვის ნორმად არის ქცეული მოსმენა, მიყურადება, შანტაჟი, დამცირება და ამიტომ წყარო ეს ხდება, როცა ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი, აბა წყარო რა შეიძლება იყოს. ამის მიღმა, ვის ხელშია, ვინ დაატარებს, ვისი ტელეფონიდან ვისში ვარდება, რას აკეთებენ, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება, ეს ყველაფერი მომავალში გაირკვევა. ამის დრო ახლა არ არის“, – ამბობდა ნიკა მელია 15 დეკემბერს.
თუმცა მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გამოქვეყნდა, ენმ-ის არაერთმა წევრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ირიბად მიუთითებდნენ, რომ ჩანაწერი შესაძლოა, მათივე გუნდის წევრებისგან გავრცელებულიყო.
რას აცხადებენ ენმ-ის წევრები
ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის ეს არის ის, რისთვისაც ივანიშვილს ებრძვის.
„ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“, – დაწერა დეკანოიძემ.
ნეტგაზეთმა სცადა, რომ ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით დეკანოიძისთვის დამატებითი კითხვები დაესვა, თუმცა მან არ გვიპასუხა.
დეკანოიძის გარდა, ჩანაწერის გავრცელებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძეც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი მსგავს ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ გამოიყენებდა.
„მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი.
შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ არცერთი სერიოზული ლიდერი ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს არ გამოიყენებს“, — დაწერა გიორგი ბარამიძემ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნების დასახელებას არ მოერიდა, ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე იყო.
როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, აქვს ინფორმაცია, რომ ჩანაწერების უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დგას.
ბაჩო დოლიძის თქმით, ამ ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია 1 თვეზე მეტია აქვს, თუმცა, ვერ იფიქრებდა, რომ საბოლოოდ ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში დადებდნენ.
„მე არ ვიცი საიდან არის მოპოვებული ეს ფაბრიკაცია, რომელიც დამოტანჟებულია, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო ახალი ამბავი და ამის შესახებ მე არ მცოდნოდა, რა თქმა უნდა, აქცენტები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იქნებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი მეგობრები ინფორმირებული ვიყავით აღნიშნული აუდიო ჩანაწერის შესახებ, ისიც ვიცოდით, რომ დაატარებდნენ სოფლიდან სოფელში და სხვა ადამიანებს ასმენიბებდნენ.
ზუსტად ვიცოდით ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. რით ვერ ისწავლეს ჭკუა, ჩემთვის გაუგებარია. ამ ყველაფრის შემოქმედია ვანო მერაბიშვილი და მასთან აფილირებული ადამიანები ავრცელებდნენ ამ ყველაფერს“, – ამბობს ნეტგაზეთთან ბაჩო დოლიძე.
კითხვაზე, ამ ადამიანებს შორის ხომ არ არის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დადის რეგიონებში და ხალხსაც ხვდება, დოლიძე პასუხობს:
„მე, უბრალოდ, არც მინდა დავიჯერო, რომ ლევანი ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვანაირად ვიცნობ ამ ადამიანს. უბრალოდ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მის ზურგს უკან არის ამოფარებული ამ კამპანიაში, უდროო არჩევნებსა და ძალიან ცუდ კამპანიში, ისევ ძველ მეთოდებს იყენებენ, რომელსაც არც მაშინ მოუტანია არაფერი კარგი და არც ახლა მოუტანენ, პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილსა და მის ძალიან ბევრ გულანთებულ და ძალიან წესიერ მხარდამჭერს. უხერხულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები ჩავარდნილი“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
ბაჩო დოლიძის თქმით, თუ ამ ყველაფრის გამკეთებელი ფიქრობდა, რომ ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკურად მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო, მან „ფატალური შეცდომა“ დაუშვა.
„რაც შეეხება ნიკას, მე გუშინ გვიან ღამით შევხვდი, მქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და თავადაც აღშფოთებულია და აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი ფაბრიკაციებით პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მცდელობა. ჩანაწერებით პოლიტიკური დივიდენდები არ იწერება, პირიქით, უარყოფითად მოქმედებს და ძალიან ბევრი ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში არის ჩაყენებული. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დღეს საარჩევნო კამპანიაში ნიკა მელიას წინააღმდეგ არიან.
გაცილებით მეტი უნდა ეფიქრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებდნენ. საიდან მოიპოვეს, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ცალკე კითხვებს აჩენს“, – ამბობს ბაჩო დოლიძე.
ხოლო ჩანაწერებთან დაკავშრებით გამოძიების დაწყება ბაჩო დოლიძეს ამ ეტაპზე მეორეხარისხოვნად მიაჩნია.
ბაჩო დოლიძის გარდა, ნეტგაზეთმა სცადა დაკავშირებოდა როგორც ლევან ხაბეიშვილს, ისე ენმ-ის წევრ დავით კირკიტაძესაც, რომელიც ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია. კირკიტაძემ ნეტგაზეთის ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა. ხაბეიშვილმა კი გვითხრა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებული პოსტი გამოგვეყენებინა, სადაც ის წერს, რომ გარცელებული ჩანაწერები გაურკვეველი წარმომავლობისაა.
თუმცა ხაბეიშვილი იქვე ამბობს, რომ „მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება“ არ აინტერესებს.
„ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიარო! ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას!
მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც … გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე … ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება … ჩვენ, გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს ხაბეიშვილი.
უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერების გავრცელებიდან თითქმის 24 საათი გავიდა, უცნობია, დაიწყო თუ არა ამასთან დაკავშირებით გამოძიება.
როგორც ნეტგაზეთთან საიას იურის ბექა თაკალანძე ამბობს, საჯარო სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება არაერთხელ დაწყებულა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებითაც უნდა დაინტერესდეს.
„სხვადასხვა ჩანაწერის გავრცელება ახალი არ არის და მანამდეც ყოფილა შემთხვევები, რომ სავარაუდო ფარული ჩანაწერები გავრცელებულა. ბუნებრივია, მე ამ საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. ინფორმაციის დონეზე ვიცი, რომ სოციალურ ქსელში სავარაუდო ფარული ჩანაწერი გავრცელდა[…]
პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხს ვერ შევაფასებ, ვინმეს პოლიტიკური შურისძიებისთვის სჭირდება თუ არა და ა.შ. თვითონ ეს მანკიერი პრაქტიკა, რომ არსებობს და ამ ფორმით დანაშაულებრივი ქმედებები ხდებოდა და ვრცელდებოდა, ახალი არ არის. ბოლოს და ბოლოს გვახსოვს, სექტემბერში მასობრივად როცა გაჟონა ინფორმაციამ. ეს რომ დასაგმობი და დანაშაულებრივი ქმედებაა, ამას სამართლებრივი შეფასებაც არ სჭირდება“, — ამბობს იურისტი ნეტგაზეთთან.
მისი თქმით, თუ ეს არის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა, დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლია, რომელიც ითვალისწინებს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას, მათ შორის, ეს არის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება და მისი უკანონო შენახვა და გავრცელება.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მათგან ელის ინფორმაციას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებაზე.
წყარო: netgazeti.ge